...

 უსტატუსო ,,ეკომიგრანტების“ გასაჭირი- წალკა

August 12, 2026

რამაზ საგინაძე წალკაში, სოფელ ხარებაში 27 წელია რაც ცხოვრობს. ის ადიგენის მუნიციპალიტეტიდანაა,  წალკაში  1999 წელს გადმოსახლდა, მას შემდეგ რაც მეწყერმა სახლი დაუნგრია.  თავი ბერძნების მიერ მიტოვებულ სახლს შეაფარა, რომელსაც იატაკიც კი არ ჰქონდა.  მძიმე პირობების გამო ოჯახთან ერთად  რამდენიმე საცხოვრებლი შეიცვალა.  

ახლა  სახლის ბერძენი მეპატრონე, რამაზ საგინაძეს, იმ სახლის დაცლას სთხოვს, რომელშიც  წლებია ცხოვრობს. 

რამაზი გვეუბნება, რომ ოჯახს  წასასვლელი არსად აქვს. 

რამაზ საგინაძე:  ,,ადიგენის რაიონიდან ვარ ზარზმიდან. მეწყერის გამო სახლი დაგვეშალა. სახლი აღარ ივარგებდა. წალკაში  წამოვედი 1999 წელს ოთხი შვილით. პატარა  40 დღის  მყავდა, უფროსი 5 წლის.  ქართულად  დამლაპარაკებელი არავინ იყო, სკოლა არ იყო. 

შევედი ძალიან ძველ სახლში, წამოვიღე ფიცარი და დავაგე.  ბერძნების სახლები იყო,   აქ უკვე აღარ ცხოვრობდნენ.  5 თუ 7 ოჯახი იყო მხოლოდ დარჩენილი.  დავრჩით აქ, წასასვლელი არც მაშინ და არც ახლა არ მაქვს.  ახლა მოდის ამ სახლის მეპატრონე. 

მეოთხე სახლია ამ სოფელში რომელიც გავარემონტე. ბანკის ვალებით და მოვდივართ ისე რომ ვერც საქონელი შევიძინე.  თუ გამოვიტანთ თხუთმეტი ათასს,  – 5ხუთს ბანკი მიმატებს. მეურნეობა არ მაქვს ისეთი რომ დავძლიო, გავძლიერდე   და  ჩვენით  ვიყიდოთ რამე. ვართ ამ ტყუილში. არც მიწა გვქვს წესივრად და არც წყალი.  წყალი მოვიყვანეთ, საათობრივად მოდის.  გზაც შემოვიყვანეთ. 

საგინაძე  გვიყვება რომ ეკომიგრანტის სტატუსს წლები ითხოვდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ყოველთვის უარს იღებდა. 

წალკაში, რამაზ საგინაძის ოჯახის მსგავსი პრობლემა ბევრს აქვს,  თუმცა, მედიასთან საკუთარ გასაჭირზე საუბარს თიითქმის ყველა ერიდება. 

ჩვენი რესპნდენტი სამთავრობო უწყებებთან კომუნიკაციას და მათ მხრიდან გამოცხადებული უარის მიზეზებს განმარტავს. 

რამაზ საგინაძე: ეკომიგრანტი არა ვარ, უნდა ვიყო, მაგრამ სტატუსს არ გვაძლევენ.  მიზეზად ამბობენ რომ მხოლოდ ხულოს რაიონიდან უნდა იყოო, არადა ვიცი ოჯახები ხულოს რაიონიდან, ვისაც შეექმნა პრობლემა. 1999 წლიდან ჩამოგვიყვანეს. გვითხრეს რომ იქნებოდა სახლების შესყიდვა.  ჩვენ ოთხი ძმა ვართ. 

4-5 წელია სტატუსი აღარ მომთხოვია. მანამდე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში რამდენჯერმე ვიყავი. გვაჩერებდნენ,  გვაკავებდნენ და დავრჩით ასე.  

დავიღალეთ სად არ ვიარეთ. 

ის კი არ უნდა გაარჩიო ვინ საიდან არის ხულოდნ, სვენეთიდან თუ რაჭიდან, აქ ვინც ცხოვრობს   2000 წლიდან, სტატუსი ყველას უნდა მისცე.   აქ ისეთი ხალხია ჩამოსული, რომ არ უჭირდეთ და წასავლელი ჰქოდეთ არ მოვიდოდნენ.  მარტო შვიდი თვე ზამთარია, ძალიან რთული პერიოდია. 

ადიგენიდან წალკაში გaდმოსახლებული რამაზ საგინაძე, გვეუბნევა რომ სახლემწიფოს სწორი პოლიტიკის გარეშე, წალკის სოფლები შეიძლება დაიცალოს, მკაცრი კლიმატური პირობები, სადაც თითქმის 7 თვე ზამთარია, ცხოვრებას ძალიან ართულებს, მით უფრო როდესაც სახლ-კარი სადავოა. ამბობს, რომ ფიზიკური შრომა არასდროს დაუკლია, მაგრამ ფიზიკური შრომით სახლის საყიდელი ფული ვერასდროს ააგროვა. 

რამაზ საგინაძე: ,, თუ არ წავედით ჩვენ  სამუშაოდ, ძნელია. 26 წლის ბიჭი ვიყავი აქ რომ მოვედი, ფიზიკურად ვშრომობდი, სათიბშიც, სეზონურად რა სამუშაოც იყო, მშენებლობაზეც.  სულ ვშრომობდი, ვარჩენდი ოჯახს, ვიყავი კარგად. 

იმდენს  ვერ ვაკეთებდი ფული დამეგროვებინა და მეყიდა სახლი.  ახლა აღარ შემიძლია. აქ მასიურად უნდა მისცეს სახელმწიფომ სტატუსი. სახელმწიფო ხალხს გვერდში უნდა დაუდგეს.  ჩვენ აქ ბევრი ვიწვალეთ. ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ ქართული სოფლები რომ ყოფილიყო.   წალკა დაიცლება ქართული სოფლებიდან, ეს გარდაუვალია. 

თუ  დაგვეხმარებიან, თუ არა და არავინ მომკვდარა. სადაღაც ბუნაგს ნახავ და იცხოვრებ, აბა ხომ არ დავღუპავ ოჯახს. 

თუ რამე არ მოაგვარა სახელმწიფომ, არაფერი გვეშველება. ვითხოვ გვერდში  დაგვიდგეს მთავრობა. ეს თხოვნა თხოვნად რჩება 27 წელია.

არჩევნების დროს მოვლენ ეზოში, ასე რამდენ ხანს უნდა იყოო გეტყვიან, კაბინეტში რომ მიაკითხავ ამბობენ ჯერ არაფერია, და ეს ჯერ როდის არის არ ვიცი. ანზორ ხინიკაძეს შევხვდი, მერს არა. 

ბანკისაგან აღებული კრედიტი, რომელზეც საგინაძე საუბრობს, მისივე თქმით, ბერძენი მესაკუთრის სახლის სახურავის შეკეთებისათვის დასჭირდა. ამბობს, რომ სახლის მეპატრონის მადლიერია, მიუხედავად იმისა, რომ ვერც სახურავის ფულს უბრუნებს და ვერც ამ სახლში დარჩენას შეძლებს. მეპატრონე საბერძნეთიდან წალკაში აგვისტოს ბოლოს გგემავს ჩამოსვლას. 

რამაზ საგნაძე:  საბერძნეთში ახლა ცხელა და მოდიან.მესაკუთრემ თქვა ჩემი სახლი მინდა მეო. ერთ ოთახში თავისი ავეჯი აწყვია უკვე.  ამ სახლში წყალი ჩამოდიოდა, რაც ჭურჭელი გვქონდა  ყველაფერს ვდებდით. ნახევრად დამპალი იყო ხე, რაზეც სახურავია. ეს სახურავიც კრდიტით ვიყიდე. ბევრი ვიწვალე.რომ ვუთხარი ეს მაინც გადამიხადე. რაც დავხარჯე,  ესეც არ უნდა.  რამე შევაგროვო და გადავიდე. ღმერთმა გაუმარჯოს  თავისია და ვერც ვერაფერს ეტყვი.  მადლობელი ვარ მაგ კაცის. 

ერთ ოთახში მეპატრონემ ავეჯი რომ დააწყო, შვილიშვილები მეორე ბაბუასთან წავიდნენ ბოლნისში,  ვეღარ ვეტევით ორ ოთახში.   ჩვენ დახმარება გვინდა მაგრამ  გვერდში არავინ დაგვიდგა.  

რამდენი ეკომიგრანტი (სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი) ცხოვრობს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 025–2026 წლების მდგომარეობით? რა სახის დახმარებას უწევს წალკის მუნიციპალიტეტი ეკომიგრანტ ოჯახებს ? – შეკიტხვებით წალკის მუნიცილიტეტის მერიას 31 ივლისს წერილობით მივმართეთ. ჩვენი რედაქცია პასუხს ელის. 

ჩვენ ასევე გვაინტერესებდა:  ჰყავს თუ არა წალკის მუნიციპალიტეტს აღრიცხვაზე ისეთი ოჯახები, რომლებიც ფაქტობრივად წარმოადგენენ სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებულ პირებს, თუმცა არ ფლობენ ეკომიგრანტის ოფიციალურ სტატუსს და რა სახის დახმარებას ან მხარდაჭერას სთავაზობს მუნიციპალიტეტი იმ უსტატუსო ეკომიგრანტ ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ სხვის საკუთრებაში  ( ძირითადად ბერძნების) არსებულ საცხოვრებელ სახლებში და არსებობს მათი გამოსახლების საფრთხე? და აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს შემუშავებული რაიმე მექანიზმი, პროგრამა ან სამოქმედო გეგმა იმ უსტატუსო ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი პრობლემების გადასაჭრელად, რომლებსაც ემუქრებათ უსახლკაროდ დარჩენის რისკი?

ჩვენ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას წერილობით ინფორმაციასთან  ერთად სატელეფონო კომუნიკაციითაც ვცდილობდით, მათ შორის ვურეკავდით რესპონდენტის მიერ ხსნებულ ანზორ ხინიკაძესაც, რომელიც წალკის ვიცე მერია, თუმცა მან არც ჩვენს ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. 

რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკას, ეკომიგრანტებთან მიმარებით, სამთავრობო მიდგომას წლებია იკვლევს სოციალური სამართლიანობის ცენტრი. სამოქალაქო ორგანიზაციას აქვს არაერთი დასკვნა მომზადებული, მათ შორის წალკაში    მცხოვრები ეკომინგრანტების და მათი პრობლემების შესახებ. 

თამთა მიქელაძე გვიყვება, რომ სტატუსის ქონა აუცილებელია, თუმცა ამ შემთხვევაშიც მოქალაქე ბევრი გადაუჭრელი პრობლემის წინაშე დგას.

თამთა მიქელაძე; ეკომიგრანტის სტატუსი არის მნიშვნელოვანი საკითხი, თუმცა ეს სტატუსიც არაფერს განსაკუთრებულს არ ცვლის. სტატუსიანი ოჯახების დიდი ნაწილი, საკუთრებაში გადაცემული საკუთრების გარეშე რჩებიან და მძიმე გამოწვევები აქვთ.  მთავარი პრობლემა ეკომიგრანტების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებების  არაჯეროვანი  შესრულებაა. 

გამოსავალი არის ერთის მხრივ ეკომიგრანტების ერთიანი რეესტრის შექმნა და მათი განსახლების სტრატეგიის შემუშავება, სადაც უზუნველყოფილი იქნება ისეთი საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც მათ საკუთრებაში გადაეცემა და მათ დარღვეული  საცხოვრებლის უფლების  აღდენის შესაძლეობლობას მისცემს ეკომიგრანტებს. 

იქ სადაც მესაკუთრე  შეიძლება იყოს თანახმა  გამოსყიდვაზე, სახელმწიფოს შეუძლია სახლები გამოისყიდოს  და ეკომიგრანტებს გადასცეს. მაგრამ  იქ სადაც არ თანხმდება მესაკუთრე და ნებაყოფლობითი თანხმობა არ არის, მაშინ სახელმწიფომ ეკომიგრანტებს სხვა საცხოვრებელი უნდა შესთავაზოს და საჭირო ინფრასტრუქტურა უნდა შექმნას. 

 საინტერესოა რას სთავაზობს   სახელმწიფო ეკომიგრანტებს და ასევე მათ ვისაც სტატუსი არ აქვს?  რამდენი ეკომიგრანტი ცხოვრობს წალკის მუნიციპალიტეტში, რის საფუძველზე ვერ იღებენ ოჯახები სტატუსს და რა მხარდაჭერა აქვს ეკომიგრანტ ოჯახებს. 

ჩვენ სახელმწიფო უწყებებს წერილობით უკვე მივიმართეთ .ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას კვლავაც განაგრძობს.

Tags: , , ,