ავტორი: მიშო დარბაიძე – 577671889
ახალციხეში, ხელოვნურ ტბაზე არსებულ ერთ საპირფარეშოში საშინელი ანტისანიტარიაა
მეორე საპირფარეშოს კარი კი – ჩაკეტილია
რა ვითარებაა საპირფარეშოებში და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ისინი – ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ეს ახალციხის ხელოვნურ ტბაზე არსებული საპირფარეშოა. აქვეა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2023 წელს 650 000 ლარად ნაყიდი სათვალთვალო კამერების ნაწილიც.
ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი რიგზეა, გარეგნულად, თუმცა, საკმარისია საპირფარეშოს კარი შეაღოთ ნახავთ.
შენობაში არ მოდის წყალი, არ არის განათება, დაზიანებულია და არ ირეცხება უნიტაზები, დაზიანებულია კარები, მაგიდები. ტალახიანი და მოუწესრიგებელია იატაკი.
აქვეა მეორე საპირფარეშოც, რომელიც რამდენიმე წლის წინ აშენდა, შენობას ფანჯრები ჩამტვრეული აქვს. შიგნით მოხვედრა შეუძლებელია, კარი ჩაკეტილია.
მუნიციპალურ ორგანოში, მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ციტატა: “მუნიციპალიტეტი მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად, რაც საზოგადოებრივ საპირფარეშოებთან დაკავშირებით არის.”
რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და რა დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს, მაშინ, როდესაც საპირფარეშოები ასე გამოიყურება? – გვესაუბრება პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.
აქვე გეტყვით, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა გასულ წელს ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მუნიციპალური საპირფარეშოები იჯარით იყო გაცემული, თუმცა მოიჯარემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი გააგრძელებდა საპირფარეშოების მოვლა-პატრონობას.
ჩვენ ახალციხის მერიას ვკითხეთ ხელშეკრულების შეჩერების მიზეზი და ის თუ ვის ევალება ახლა საპირფარეშოების მოწესრიგება, თუმცა ამ კითხვაზე არ გვიპასუხეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის განვითარება და მოვლა-პატრონობა ა(ა)იპ “ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინებას” ევალება.
ჯამში ა(ა)იპს, ზემოხსენებულ სამუშაოებთან ერთად, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც ევალება, რომლისთვისაც ჯამში მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.