მორიგ “რუსულ კანონად” წოდებულ კანონპროექტს პარლამენტი დღეს განიხილავს

October 5, 2023

შეკრების და მანიფესტაციების კანონში ცვლილებებს შეტანას, რომლის მიხედვითაც პროტესტისას “დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა იზღუდება, საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ინიციატივის ავტორი, “ქართული ოცნების” 7 დეპუტატია, რომლებსაც არგუმენტად სუს-ის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაცია მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც, სუს-ის მტკიცებით, საქართველოში “დესტაბილიზაციის მოწყობა” იგეგმება.

საქართველოს პარლამენტმა, კანონპროექტის მიღებას, გუშინ, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. სხდომას კენჭისყრისას 109 დეპუტატი ესწრებოდა – მათგან 75-მა საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა მისცა, წინააღმდეგი იყო – 23.

მომდევნო განხილვა დღეს იგეგმება. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებში „პროტესტის აკრძალვის” მცდელობას ხედავენ, რომლის საწინააღმდეგო აქციის გამართვა დღეს, პარლამენტის შენობის უკან იგეგმება.

რაც შეეხება კანონპროექტს, ოფიციალური მონაცემებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, თუკი აკრძალვის მიუხედავად აქტივისტები მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეეძლება მათი როგორც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (500-დან 5000 ლარამდე) და დაპატიმრება (15 დღემდე ვადით), ასევე „სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია.

“არც აქამდე იყო საქართველოში გამოხატვის თავისუფლება, აქამდეც ირბეოდა აქციები უკანონოდ”

“ბევრი გამოცდილება გვაქვს, რომ ხალხის ძალას წინ ვერ აღუდგებიან და თუ ხალხი სერიოზულად გადაწყვეტს რომ კარავი უნდა დადგან, დადგამენ და ეს კანონი ხელს ვერ შეუშლის,” – გვეუბნება, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი მაკა სუდაძე.

“მე კითხვა მაქვს, რისი ეშინია ხელისუფლებას? რატომ არის საჭირო არჩევნების წინ ამ კანონების “გამოცხობა” ზედიზედ?” – გვეუბნება, ასოციაცია “ტოლერანტის” ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი