...

ონისე ოქრიაშვილს 3 პირი თავს დაესხა, დააკავეს – 1

July 23, 2026

კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ გუშინ გვიან საღამოს, ვაკეში, ოქრიაშვილს, სამი პირი ურტყამდა.

შსს ამბობს, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე თავად გამოცხადდა ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, სადაც ის დააკავეს.

ონისე ოქრიაშვილს 22 ივლისს, გვიან საღამოს, ვაკეში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ სამი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევის შემდეგ მას კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა.

რატომ დაესხნენ თავს კომიკოსს?

ოქრიაშვილის ცოლის, მარიამ სამუშიას განცხადებით, თავდამსხმელებმა ძალადობის მიზეზად კომიკოსის მიერ მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ გაკეთებული ხუმრობა დაასახელეს. თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოშიც ისმის, როგორ ეუბნება ერთ-ერთი თავდამსხმელი: „ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები?“

თავდასხმამდე სამი დღით ადრე, 19 ივლისს, ონისე ოქრიაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული კამპანია მიმდინარეობდა. საუბარია სტენდაფის ჩანაწერზე, სადაც მან ნოდარ დუმბაძე ახსენა და განმარტა, რომ ეს ხუმრობის კონტექსტში, ჰიპოთეტური მაგალითი იყო.

კომიკოსს სოლიდარობა აქციების არაერთმა მონაწილემ და საჯარო პირმა გამოუცხადა. მარიამ სამუშიას თქმით, ონისე ოქრიაშვილი „პროპაგანდისტული არხებისთვის“ ცილისწამების საქმეზე სარჩელის შეტანასაც გეგმავდა.