როდესაც სახელმწიფო არ ზრუნავს, ვინ იცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს

April 25, 2025

“როდესაც სასეირნოდ მივდიოდით ან მაღაზიაში, ერთად, მაშინ გვეძახდა, მოდითო..” – სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი

სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტში

2022 წლიდან 2024 წლის იანვარ-თებერვლის ჩათვლით, საქართველოში არასრულწლოვანებზე სექსუალურად ძალადობის 285 შემთხვევა დაფიქსირდა – როდესაც სახელმწიფო არ ზრუნავს, ვინ იცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს – ნახეთ  სიუჟეტი

 “ჩვენი მეზობელია … როდესაც სასეირნოდ მივდიოდით ან მაღაზიაში, ერთად, მაშინ გვეძახდა, მოდითო..”

სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, არასრულწლოვანი ჩვენთან იხსენებს გარემოებებს, რომელშიც ის და მისი ნათესავი, ასევე არასრულწლოვანი გოგო მეზობელი მამაკაცის, 60 წელს ზემოთ პირის მხრიდან ძალადობის მსხვერპლები აღმოჩნდნენ.

არასრულწლოვანს მომხდარზე საუბარი უჭირს, შეშინებულია და ამბობს, რომ ღამეც ვერ იძინებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ გასაჯაროვდა ბავშვებთან, შესაძლო ძალადობის მსხვერპლებთან ფსიქოლოგი ამ დრომდე არ მუშაობს. მიზეზი გაურკვეველია.

გოგო ასევე გვიყვება, რომ მიუხედავად მძიმე განცდებისა, მომხდარის გასაჯაროება არ სურდა, რადგან ხალხის “რეაქციების ეშინოდა.”

პირის დაკავების მიუხედავად, რასაც შსს გვიდასტურებს, შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგაც კი “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს” არ აქვს პასუხი, რატომ არ მუშაობს არასრულწლოვანებთან ამ დრომდე ფსიქოლოგი? ინფორმაციის მიღებას ველოდებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან და ახალციხის მერიიდან იმის შესახებ, თუ რა პროგრამები აქვთ მუნიციპალიტეტში ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანების რეაბილიტაციისთვის. 

ჩაუტარდათ თუ არა დაზარალებულებს ექსპერტიზა? – საქართველოს პროკურატურაში გვითხრეს, რომ “მოიკითხავენ”

პედოფილია და სახელმწიფოს ქცევა – ახალციხე 

4 დღე გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში ორი არასრულწლოვანზე სავარაუდოდ სექსუალურად ძალადობდნენ. 

4 დღის შემდეგაც კი არასრულწლოვანებთან მუშაობა არ დაუწყია ფსიქოლოგს. ამას ერთ-ერთი დაზარალებულის დედა ექსკლუზიურად გვეუბნება.

4 დღეა ვცდილობთ სავარაუდო პედოფილიის საქმეზე სახელმწიფო უწყებებისაგან მივიღოთ პასუხები, მათ შორის პროკურატურისაგან, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსაგან, სახალხო დამცველთან, განათლების რესურსცენტრის ახალციხის წარმომადგენლობისაგან თუმცა ნაწილი არ გვპასუხობს, ნაწილი გვეუბნება რომ “მოიკითხავენ”, ნაწილი კი გვეუბნება, რომ პასუხებს მხოლოდ საჯარო ინფორმაციის წესით გამოითხოვს შემთხვევაში მივიღებთ.

“არ მეუბნებოდა, ეგონა, ვეჩხუბებოდი…“ —  შესაძლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლის დედა 

“ბავშვებს შიშები აქვთ, ღამე კანკალებს, მაღვიძებს…” – ბავშვებზე სექსუალურად შესაძლო ძალადობის საქმეზე, ერთ-ერთი დაზარალებულის დედა ჩვენს რედაქციას ექსკლუზიურად ესაუბრა. (ჩვენი რედაქცია პირების იდენტიფიცირების პრევენციის მიზნით, კონკრეტულ სახელებს და ადგილებს არ ასახელებს.)

როგორც არასრულწლოვანის დედა ჩვენს რედაქციას უყვება, ბავშვებზე მოძალადე ზრდასრული მამაკაცია, რომელიც მეზობლად ცხოვრობს. ამის შესახებ კი მაშინ გაიგო, როდესაც ერთ-ერთმა დაზარალებულმა თავის მეგობარს ფურცელზე წერილი მისწერა. 

“ეშინოდა, არ მეუბნებოდა, ეგონა ვეჩხუბებოდი. არადა პირიქით, როგორც მშობელი დავიცავდი ჩემს შვილს,” – გვეუბნება იგი. 

როგორც იგი გვეუბნება, მანდატურმა ფსიქოლოგის დანიშვნა მოითხოვა და გეგმავენ ბავშვები ფსიქოლოგთან ატარონ, “რადგან შიშები აქვთ.”

როგორც დაზარალებულების ოჯახის ახლობელი გვეუბნება, მათ სახელმწიფო უწყებიდან არავინ დაკავშირებიათ. 

თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. შსს-ში გვეუბნებიან, რომ დაკავებულს ბრალი სსკ-ს 137-ე და 138-ე მუხლით წარედგინა, რაც გაუპატიურებას და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სავარაუდო პედოფილიის შემთხვევის შესახებ ჩვენ, რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ მოაწოდა ინფორმაცია. მას შემდეგ ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ სკოლის დირექტორს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს და სახალხო დამცველს. ჩვენ საჯარო წესით ინფორმაცია გამოვითხოვეთ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან. 

არასრულწლოვანებზე სავარაუდო სექსუალური ძალადობა ახალციხეში

როგორ ვებრძოლოთ პედოფილიას? გვესაუბრება ფსიქოლოგი ია როზი

2022 წლიდან 2024 წლის იანვარ-თებერვლის ჩათვლით, საქართველოში არასრულწლოვანებზე სექსუალურად ძალადობის 285 შემთხვევა დაფიქსირდა. ახალციხის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.