რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ფინანსურ კონტროლს აძლიერებს შეთანხმება ხელფასების ზრდასა და მოსკოვის ზედამხედველობას ითვალისწინებს, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) წერს და ამბობს, რომ ეს კრემლის მიერ ეკონომიკური გავლენის გაძლიერების მექანიზმია, იგივე ეკონომიკური ანექსია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყნის და დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობებს შორის 2030 წლამდე მოქმედი შეთანხმება წლის დასაწყისში გაფორმდა. დოკუმენტი საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა ხელფასების ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს.
ამასთან, დამატებითი დაფინანსება გათვალისწინებულია დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურისთვის.
დოკუმენტის კიდევ ერთი ნაწილი ფინანსურ კონტროლს ეხება. შეთანხმების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში ყველა ფინანსური გადარიცხვა სანქცირებული VTB ბანკის მეშვეობით განხორციელდება.
ამასთან, დე ფაქტო აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იქნება, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ყოველთვიურად წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება, ხოლო რუსეთი მიიღებს წვდომას ცალკეულ საბანკო ანგარიშებსა და ხაზინის პროგრამული უზრუნველყოფის მონაცემებზე. DRI-ის შეფასებით, ეს კრემლის მხრიდან ფინანსური ზედამხედველობის უპრეცედენტო გაძლიერებას ნიშნავს.
ფოტო: AI