ფრაქციებმა არცერთი ინიციატივა არ წარადგინეს, თუმცა 1 წელში 311 586 ლარი აიღეს –TI

27/07/2023
263
Views

2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ჩათვლით, ახალციხის საკრებულოს ხარჯებმა ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი (  1,052,686.18 ლარი)   შეადგინა.  აქედან 900 ათასზე მეტი  ხელფასებში, დანამატებსა და ჯილდოებში გაიცა – კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს .

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული თანხიდან, როგორც სახელფასო ანაზღაურების, ისე დანამატებისა და ჯილდოების სახით, აპარატის თანამშრომლებმა 234,365 ლარი მიიღეს, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირებზე სახელფასო ანაზღაურების სახით ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გაიწერა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საკრებულოს იმ წევრებისთვისაც ითვალისწინებს გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, რომლებიც არ იკავებენ თანამდებობას. ახალციხის საკრებულოში ასეთი 17 დეპუტატია და მათ, ორგანიზაციის კვლევის მიხედვით,  151, 900 ლარი მიიღეს.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ ჯამში 33,584.61 ლიტრი საწვავი გაიხარჯა, რომლის ღირებულებამაც 110 ათასამდე ლარი შეადგინა. 

კვლევა ხარჯებთან ერთად აჯამებს საკრებულოს დეპუტატების საქმიანობასაც. დოკუმენტის თანახმად, ახალციხის საკრებულოში მოქმედი სამი ფრაქციიდან, ერთი წლის განმავლობაში, არც ერთს არ ჰქონია ინიციატივა, შესაბამისად არც საკრებულოსთვის წარუდგენიათ. მიუხედავად ამისა, ფრაქციების ფუნქციონირებისთვის 311 586 ლარი დაიხარჯა.

იყო თუ არა მიზნობრივად დახარჯული თანხები, რომელიც კვლევაშია მოყვანილი?  კითხვით ჩვენ ახალციხის საკრებულოს დავუკავშირდით. მათ პასუხის მისაღებად წერილობით მიმართვა გვთხოვეს . უწყებიდან პასუხის მიღების შემდეგ რედაქცია თემას დაუბრუნდება.

Comments are closed.