შეურაცხმყოფელი მიმართვები, დამაკნინებელი ფრაზები და ჭორების გავრცელება პირადი ცხოვრების შესახებ – ამგვარი თავდასხმების ადრესატები ქართველი ქალი პოლიტიკოსები არაერთხელ გამხდარან. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავსი პრაქტიკა რიგ შემთხვევებში, პოლიტიკიდან და საჯარო სივრციდან ქალების გასვლას იწვევს.
დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, დეზინფორმაციის, სექსტისტური და სიძულვლის ენის, ჭორის და გამოგონილი ამბების გავრცელება, როგორც წესი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თემების გააქტიურებას უკავშირდება. თავდასხმის ობიექტები ხშირად არიან ლგბტქ+ თემის წარმოამდგენლები და მათი ღია მხარდაჭერები.
კვლევაზე ავტორები 9 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში მედიაში გავრცელებული გენდერული და იდენტობის ნიშნით დეზინფორმაციის გამოვლენა იყო.
მკვლევრები აკვირდებოდნენ პრო-სახელისუფლებო, ულტრამემარჯვენე მედიებს, ინდივიდუალურ ანგარიშებს, ფეისბუქ გვერდებს, დამოუკიდებელ და ოპოზიციურ მედიას. ,,კვლევის შედეგად გამოიკვეთა მკვეთრად მიმართული მადისკრედიტირებელი კამპანიების სიხშირე პოლიტიკოსი ქალების და ლგბტ ქვიარ თემის აქტივისტების მისამართით.
,, ამ კამპანიებს მკვეთრად კოორდინირებული ხასიათი ჰქონდა, ორიენტირებული იყო ოპოზიციონერი, ქალი პოლიტიკოსების საჯარო სივრციდან გაქრობაზე. როგორც კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალი, გააქტიურდებოდა საჯარო სივრცეში. იქნებოდა ეს საპროტესტო აქციები თუ პოლიტიკური დღის წესრიგი თუ სხვა, მის წინააღმდეგ იწყებოდა კონკრეტული დისკრედიტაციის კამპანია.
განსაკუთრებით თავდასხმის მსხვერპლი, გენდერული ნიშნით, რომელსაც ახასიათებს სექსისტური ენა, სიძულვილის ენა, ეიჯიზმი, აქცენტები ქალის გარეგნობაზე, ჩაცმის სტილზე ხასიათზე, ძირითადად მიმართული იყო სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ის ბინძური ენა, რომელიც გენდერულ დისკრედიტაციაში გამოიკვეთა ყველაზე თვალსაჩინო იყო ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ძირითადად აქტორები კი პროსახელუსფლებო მედიები აღმოჩნდნენ -ამბობს tok.tv –სთან კვლევის ერთ- ერთი ავტორი ქეთევან მურღულია.
ფუფალა“ ,,ბანძუშკი“, ,,საფრანგეთის აგენტი“, ,,ქვეყნის მტერი“- კვლევის მიხედვით ასე მოიხსენიებდნენ საქართველოს პრეზიდენტს ქართული ოცნების წარმომადგენლები. სამთავრობო მედიის გამოყენებით ზურაბიშვილის მიმართ ღია სექსიზმისა და მცდარი ფაქტების ტირაჟირება ხდებოდა.
,, მაგ. იმედი ლაივის 7 მარტის გადაცემაში მიუთითებენ მაღალი ქუსლებით ოპოზიციის “დაბალი რანგის პარტიების” ზურაბიშვილის მიერ “აქაჩვის” მცდელობაზე. იმავე გადაცემაში მათი სტუმარი ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე გ. ცაგარეიშვილი ციტირებს ოცნების დეპუტატს სარჯველაძეს და პრეზიდენტს “ფუფალად” მოიხსენიებს.” ამავე კვლევის მიხედვით, იგივე გადაცემაში, გ. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ “პრეზიდენტი არ ნიშნავს ელჩებს ევროკავშირის სამ ქვეყანაში, და რომ ამის არანაირი მიზეზი არ აქვს, უწოდებს მას “ფარისეველს”, “ქვეყნის მოღალატეს” და მის პროევროპულობას აყენებს ეჭვქვეშ. ამით აკეთებს ელექტორატის მობილიზებასაც, ემიგრანტებთან ბრძოლად საღდება ზურაბიშვილის მიერ ელჩების დანიშვნის შეყოვნება. სწორედ ემიგრანტებს მიემართება მისი ნარატივის მთავარი გზავნილი და ისინი არიან აუდიტორია. ამავე გადაცემაში მხოლოდ გაკვრით (შეიძლება წამოცდენით) ახსენებს რომ ის სუბიექტები, ვისაც ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩებად მთავრობის წარდგენილი კანდიდატები არიან.” დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ “ქართულ ოცნებასთან” ერთად, სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის კამპანიაში, ორკესტრირებულად ერთვებიან ძალადობრივი, ულტრამემარჯვენე აქტივისტები და ლიდერებიც. კერძოდ, ულტრამემარჯვენე განწყობების ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ 27 მაისს საკუთარ ფეისბუქ პლატფორმაზე გაავრცელა პოსტები, სადაც დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი ტერმინებით: „ბანძუშკი“, „საფრანგეთის აგენტი“ და „ქვეყნის მტერი“ მოიხსენია სალომე ზურაბიშვილი. ძალადობრივი, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალის „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფოს“ ლიდერისა და დამფუძნებლის კონსტანტინე მორგოშიას შეფასებით კი სალომე ზურაბიშვილი არის; „მოღალატე მენშევიკების შთამომავალი და თავადაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტი“. პოსტში კონსტანტინე მორგოშია წერს, რომ „დამოუკიდებლობის დღე, ქართველებმა სოხუმში უნდა აღვნიშნოთ და არა მადმუაზელ სა(л)იომეს ბორდელში!“-ვკითხულობთ კვლევაში.”
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, სექსისტური შინაარსის განცხადებების, ჭორის და დისკრედიტაციის ადრესატები საქართველოს პრეზიდენტის მსგავსად, აქტივისტი, ოპოზიციონერი ქალები და უფლებადამცველებიც იყვნენ. მათი მისამართით არაერთი ვულგარული და შეურაცხმყოფელი განცხადებები ვრცელდებოდა.
ჩაცმის სტილი, გარეგნობა, ფემინურობის ნაკლებობა პოლიტიკოსი ქალების დისკრედიტაციის საფუძველი ხდებოდა.
მაგალითად ელენე ხოშტარიას დისკრედიტაცია გარდა ჭორისა და კონსპირაციისა გენდერული ნიშნითაც ხდებოდა.
,,გარდა ჭორის და კონსპირაციისა, ელენე ხოშტარიას დისკრედიტაცია ხდებოდა აგრეთვე გენდერული ნიშნით, კერძოდ, ფოტომანიპულაციით, სადაც ის წარმოჩენილია როგორც მასკულინური გარეგნობის მძღოლი. ფოტო მანიპულაცია დამცინავი წარწერებით გავრცელდა სხვადასხვა ფეისბუქ გვერდზე, როგორებიცაა, მაგალითად, „არ აგარევინებთ“, რომელიც დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე პლატფორმის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ლიდერთან, ვატო შაქარაშვილთან და გამოირჩევა ანტიდასავლური, ანტილიბერალულიკონტენტით. ულტრამემარჯვენე გვერდებმა ეს ფოტომანიპულაცია მალე აიტაცეს და გადააზიარეს. „ვა ბიჭებო, მახო მოსულა“ ამ სათაურით გავრცელდა ულტრამემარჯვენე ფეისბუქ გვერდებზე: „პოლიტიკოსები 1 ლარიდან“, „სინდისისგან თავისუფალი მედია“ და „იროnews”. აღნიშნული გვერდები ხასიათდებიან ანტილიბერალური და ანტიგენდერულიკონტენტით და თავის მხრივ დაკავშირებულები არიან ბაკურ სვანიძესთან, რომელიც წარსულში აქტიურად აწარმოებდა ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერ მედია კამპანიას.“
კვლევაში ასევე საუბარია სექსუალიზების მაგალითებზე ქალი პოლიტიკოსების მისამართით, დეზინფორმაციაზე და ქალების კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენებაზე.
,,ქალების ობიექტივაცია და სექსუალიზება გენდერული დეზინფორმაციის ერთ-ერთი შედარებით ძნელად შესამჩნევი სტრატეგიაა. ობიექტივაცია გულისხმობს ქალების გაიგივებას უსულო საგნებთან, მათ წარმოჩენას მართულ, დაქვემდებარებულ, აგენტობის არმქონე ობიექტებად, რომელიც როგორც წესი სხვა მეტოქე კაცების დაკვეთას ასრულებენ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მათი “თოჯინებად” მოხსენიება. ტვ იმედის მიერ გავრცელებულ პრო-სახელისუფლებო და სახელისუფლებო პირების მიერ ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით სხვადასხვა დროს განსხვავებული ქალი პოლიტიკოსების მიმართ გვხვდება ასეთი შეფასებები: თამარ ჩიბურდანიძე: “ერთი ჩერჩეტი კაცი შეცვალეს ლამაზი თოჯინით – სულ ეს არის. ეს კი ისეთივე მარტივი ტრიუკია, რითაც ნაცმოძრაობა მთელი ეს წლებია ერთობა.” ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ ასევე ნაცმოძრაობის და გვარამიას თოჯინა უწოდეს სალომე ზურაბიშვილს. საგულისხმოა ისიც, რომ მდინარაძე სალომე ზურაბიშვილს გვარამიას დაქვემდებარებულს უწოდებს, როცა პრეზიდენტმა გვარამია შეიწყალა და რეალურად მასთან მიმართებაში მეტი ძალაუფლება ჰქონდა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პოლიტიკოსების ვნებას დააკნინონ ქალების შესაძლებლობები, და წარმოაჩინონ კაცებზე დაქვემდებარებულად, მაშინაც კი, როცა ობიექტური რეალობა ამ დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა.’’
მკვლევრები მიიჩნევენ რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაში ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ დეზინფორმაციას წამყვანი ადგილი ეკავა და ამ ტენდენციის გაგრძელება მოსალოდნელია.
,,გენდერული დეზინფორმაცია ერთ-ერთი არსებითი ინსტრუმენტი იყო ხელისუფლების ხელში ძალაუფლების მოსაპოვებლად და პოლიციური ძალადობის გასამართლებლად. ულტრამემარჯვენე ჯგუფების და კონსერვატიული ონლაინ თუ სატელევიზიო მედიების მიერ წარმოებული ანტიგენდერული დეზინფორმაცია მისი ძალადობრივი შინაარსის მიუხედავად, უფრო ნაკლები დაფარვით და პოპულარობით სარგებლობდა ვიდრე პროსახელისუფლებო მედიები. სწორედ ეს უკანასკნელი შეგვიძლია მოვიაზროთ გენდერული დეზინფორმაციის მთავარ აქტორებად. ასევე აღსანიშნავია, რომ პროსახელისუფლებო მედიაში ანტიგენდერული დეზინფორმაციის და ზოგადად პროპაგანდის როლი დაეცა ძალადობის ზრდის პროპორციულად, თუმცა, ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ დეზინფორმაციას ცენტრალური როლი ეკავა ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაში და სამომავლოდ მოსალოდნელია რომ ეს ტენდენცია მხოლოდ გაგრძელდება. “
მასალა მომზადებულია დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით.
Tags: გენდერი