ამოიღო თუ არა გამომძიებელმა ავტო ავარიის ამსახველი ვიდეო კადრები პროცედურული დარღვევით? – ეს შეკითხვა დღეს ახალციხეში, არალთან მომხდარი ავარიის საქმის მორიგი სასამართლო განხილვისას გაჩნდა, მას შემდეგ რაც სასამართლო პროცესზე დაკითხულმა გამომძიებელმა ჩვენების მიცემისას თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, ავარიის კადრები ნახა. მისივე თქმით, ეს ვიდეო კადრები მან პოლიციის უფროსის მოადგილის თემური მსხვილიძის ტელეფონში მანამ ნახა სანამ ადგილზე გავიდოდა.
დღესვე, სასამართლო სხდომაზევე, ადიგენის პოლიციის უფროსის მოადგილემ თემურ მსხვილიძემ თქვა, რომ ვიდეო ჩანაწერი ნამდვილად ჰქონდა მანამდე სანამ საბუთებით მას ოფიციალურად გამოითხოვდენ. სასამართლო პროცესის შემდეგ მოწმეებმა ჩვენთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ავტოავარიისას, რომლის დროსაც არასრულწლოვანი დაიღუპა, სატვირთო ავტომობილი მიკროავტობუსს დაეჯახა. ავარიაში ოფიციალურად ბარლდებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ბრალდებულის ადვოკატი გამომძიებლის მიერ ვიდეო მასალის ნებართვის მიღებამდე მოპოვებას კანონდარღვევას უწოდებს.
„გამომძიებელმა აფრიამაშვილმა თქვა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოახდინა, მაგრამ შემთხვევის ადგილის დათვალიერებამდე მე საგამოძიებო ნაწილის უფროსმა მის ტელეფონზე არსებული არალის გადასახვევთან ბენზოგასამართ სადგურის კამერის ჩანაწერი მაჩვენა. იმ დროს, როდესაც ბენზინგასამართ სადგურიდან კამერის ჩანაწერები ამოღებული და გამოთხოვილი არ იყო, საგამოძიებო ნაწილის უფროსს რამდენად კანონიერად ჰქონდა ვიდეოკამერის ჩანაწერები, ჩვენთვის უცნობია“, — ბრალდებული ხვიჩა ხარაიშვილის ადვოკატი კახაბერ ლეკიშვილი.
თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.