დღეიდან აბასთუმნის ცა თვითმფრინავებისთვის იკეტება – მთავრობის განკარგულება

April 16, 2026

დღეიდან აბასთუმნის ცა იკეტება, – ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. დადგენილების მიხედვით, იკეტება აბასთუმნის თავზე 52 კილომეტრიანი ასაფრენი ზონა, რაც იმას ნიშნავს, რომ აბასთუმნის ცაზე თვითმფრინავების ნაწილი ვეღარ გადაიფრენს, – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

მედია თავის საგამოძიებო მასალაში ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების მიზანი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ეფექტიანი ფუნქციონირებაა, რისთვისაც აუცილებელია ცის მაქსიმალური გამჭვირვალობა, რაც საჰაერო მოძრაობის შემცირებას უკავშირდება.

თუმცა, როგორც “რადიო თავისუფლება” წყაროებზე დაყრდნობით წერს, აბასთუმნის ცის ჩაკეტვა „ბიძინა ივანიშვილის ახირება“ უფროა. რადგან, “ქართული ოცნების” მილიარდერ დამფუძნებელს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე გაშლილ სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტზე 2020 წლიდან აქვს საოჯახო რეზიდენცია.

დავუკავშირდით აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორს, ალექსანდრე თევზაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ აბასთუმნის თავზე ფრენების შეზღუდვა ობსერვატორიის მოთხოვნა იყო. მისივე თქმით, “შეზღუდვა ეხება რეგულარულ ფრენებს, რომლებიც ღამით კვალს ტოვებენ და დაკვირვებებს აფერხებს.”

თევზაძე ობსერვატორიას 2025 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს.

“ქართული ოცნების” პოზიციის გასაგებად ჩვენ პარტიაში დაკავშირება ვცადეთ, თუმცა აქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. ტელეფონზე არ გვიპასუხა არც ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარემ, შმაგი ძიძიშვილმა. ხოლო მედიასთან პარტიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ “ობსერვატორიაში მომუშავე მეცნიერების მოთხოვნით მიიღო მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება.”

ცა, რომელიც დღეიდან ჩაიკეტა მოიცავს იმ მონაკვეთს, სადაც გადიოდა რამდენიმე საერთაშორისო ავიატრასა, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის ფრენებისთვის გამოიყენება.

რადიო თავისუფლების ვრცელი საგამოძებო მასალა იხლეთ ბმულზე ( დააჭირეთ აქ )