სისტემას რომ სწორად ემუშავა – 14 წლის გოგოს მკვლელობა

December 12, 2023

ასობით ბავშვის დაცვას ქორწინების იძულებისგან საქართველოში ვერც კანონი და სახელმწიფო, ვერც მორალი და საზოგადოება უზრუნველყოფს. მეტიც, დანაშაულის მისაჩქმალად სისტემა იძულებაში მყოფ ბავშვებს ზოგჯერ  სკოლიდან წყვეტს, სახლთან აშორებს,  ხან  მარტოხელა დედად აფორმებს, მაშინ როცა ბავშვები ბავშვებს აჩენენ. ასეთი ფაქტები ჩვენს რედაქციას 14 წლის აითაჯის მკვლელობის მოკვლევის გზაზეც შეხვდა .

რა არ გააკეთა სისტემამ, 14 წლის აითაჯი ჯერ სულიერად და შემდეგ ფიზიკურად რომ ვერ მოეკლათ?

აქ მიიღებთ პასუხებს კითხვებზე:

  • რა უნდა გაეკეთებინა განათლების სისტემას, სკოლას და რესურსცენტრს;
  • სამართალდამცავ ორგანოებს;
  • ადგილობრივ მუნიციპალიტეტს;
  • ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტებს;
  • რელიგიურ ცენტრებს;
  • საზოგადოებას;
  • მედიას.

რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს მომავალში?

61 სისხლის სამართლის საქმე, ექვს თვეში, რომელიც დათვალეს, არასრულწლოვანთან, სავარაუდოდ ქორწინების იძულების ფაქტზე. დააკავეს მხოლოდ 44  ბრალდებული  – სახალხო დამცველმა ამ მონაცემებით სპეციალური ანგარიში ბოლოს 2022 წელს გამოაქვეყნა.  სტატისტიკაც გასული წლისაა.

ბავშვის მიერ ბავშვის გაჩენის 2500-ზე მეტი  და აბორტის 500-მდე შემთხვევა მხოლოდ არასრულ 5 წელიწადში, ესეც ბოლოს 2022 წელს დათვალეს. საქსტატის ახალი პუბლიკაციის მიხედვით, 2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს გაუკეთეს.

მედია მონაცემებს ინფორმაციის დამალვის გამო ვერ აახლებს, რაზეც ასევე ქვემოთ წაიკითხავთ.

ცალკეული ბავშვის ბედი სტატისტიკაშია ჩაკარგული.  საზოგადოებამდე ხმაურით ბოლოს 14 წლის აითაჯის შემთხვევა მივიდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის თვითგადარჩენის მცდელობისგან მოკლეს.

რა დამეართა აითაჯს?

დმანისის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები აითაჯ შახმაროვა 13 წლის იყო, როდესაც დედამ და ბიძამ მისი გათხოვება ორჯერ უფროს კაცზე, ასიმ ასლანოვზე გადაწყვიტეს, დაახლოებით ერთ წელიწადში ასეც მოხდა. 14 წლის გოგო მეზობელ სოფელში 27 წლის კაცის “ცოლი” იძულებით გახდა. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ აითაჯი ორი თვის განმავლობაში თავის დაღწევას ცდილობდა, ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს, არარეგისტრირებულმა ქმარმა მის შესაჩერებლად ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა და გოგო მოკლა.

მომხდარის გამო დააკავეს ასიმ ასლანოვი, აითაჯის დედა და ბიძა. გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თქვა, რომ დაკავებულების სია შესაძლოა გაიზარდოს.  

14 წლის გოგოს იძულებით გათხოვების ამბავი, მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ის მოკლეს. 

აითაჯი დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა. მან იძულებით დაოჯახების გამო სწავლა შეწყვიტა, მაგრამ ამის შესახებ სკოლას არავისთვის უცნობებია.

რა უნდა გაეკეთებინა განათლების სისტემას?

საგანმანათლებლო სისტემას რომ ემუშავა, მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესის შეწყვეტის შემთხვევაში კლასის დამრიგებელს, დირექტორს, მანდატურის სამსახურს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სამსახურისათვის უნდა მიეწოდებინა. იგივე ვალდებულება აქვს ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს. 

ამის შემდეგ იწყება საკითხის შესწავლა. შესაძლოა, საქმეში ჩაერთოს სოციალური მუშაკიც. გადამოწმდება სწავლის შეწყვეტის მიზეზები და დაიგეგმება შესაბამისი საპასუხო მოქმედებები. 

პროცედურა მოცემულია კანონში “ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე”, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 12 სექტემბერს მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

რა მოხდა აითაჯის შემთვევაში? – არაფერი

ზემოთ მოყვანილი არცერთი პროცედურა საგანმანათლებლო სისტემას არ შეუსრულებია. 

რა გააკეთა იმ სკოლის დირექტორმა, რომელშიც აითაჯი სწავლობდა?

ჩვენ სკოლის დირექტორთან დაკავშირება ვცადეთ, ვიმყოფებოდით ადგილზეც, თუმცა მასთან კავშირზე ვერ გავედით.

TV პირველის ინფორმაციით კი, სკოლის დირექტორი ჩვენებაში წერს, რომ როდესაც ბავშვი სკოლაში არ გამოცხადდა, მიზეზის დასადგენად ის აითაჯის დედას ტელეფონით დაუკავშირდა. მისივე თქმით, დედამ იძულებითი გათხოვების ამბავი დაუმალა და უთხრა, რომ აითაჯი რამდენიმე დღეში დაუბრუნდებოდა სასწავლო პროცესს.

აღნიშნული სკოლის დირექტორი ასევე გახლავთ დმანისის საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”. როგორც სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს, ჰამლეტ ისმაილოვი 2015 წელს თავადაც არასრულწლოვანზე დაქორწილდა, თუმცა საქმეზე დაწყებული გამოძიება ფორმალური აღმოჩნდა. 

სამირა ბაირამოვა ასევე გვეუბნება, რომ სკოლის დირექტორი არაერთი არასრულწლოვნის “გათხოვებას” მალავდა.

ჰამლეტ ისმაილოვისგან საპასუხო კომენტარი ვერც აღნიშნულ საკითხზე მივიღეთ. 

დაიწყო თუ არა მოკვლევა შსს-მ ზემოთხსენებული სკოლის დირექტორის საქმეზე 2015 წელს? 

დაიწყო თუ არა გამოძიება, რა მუხლით და რა შედეგით დასრულდა ის?

ამ კითხვებით ჩვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საჯარო წესით 13 ოქტომბერს მივმართეთ. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მოწოდებისათვის კანონით 10 სამუშაო დღეა გათავალისწინებული, პასუხები მხოლოდ 28 ნოემბერს მივიღეთ. თუმცა შსს-დან მიღებულ შინაარსს პასუხსაც ვერ დაარქმევ, რადგან ამჟამად უკვე საკრებულოს დეპუტატის და სკოლის დირექტორის საქმეზე უწყებამ არაფერი გვითხრა, “პერსონალური მონაცემების” დაცვის მოტივით.

აღნიშნულის გამო ჩვენ სამართალდამცავ უწყებას საჩივრით მივმართეთ.

ჰამლეტ ისმაილოვი ამ დრომდე იკავებს როგორც სკოლის დირექტორის, ისე საკრებულოს წევრის თანამდებობას.

რა ქნა დმანისის განათლების რესურსცენტრმა?

დმანისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მაია ხმალაძე აითაჯის საქმესთან დაკავშირებით ჩვენთან კომენტარს არ აკეთებს.

 იგი გვეუბნება, რომ სტატისტიკას, თუ რამდენმა პირმა და რა მიზეზით შეწყვიტა სწავლა, არ აწარმოებენ. ასევე ამბობს, რომ მოსწავლეები სწავლას ძირითადად მე-9 კლასის დასრულების შემდეგ წყვეტენ და იმ შემთხვევაში თუ ამაში რაიმე საეჭვოს დაინახავენ სოციალურ სამსახურებს ატყობინებენ. 

დმანისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სავარაუდო ქორწინების იძულებით სკოლის შეწყვეტის შემთხვევები “ნაკლები იყო”, თუმცა კონკრეტულად რამდენი ვერ ასახელებს.

ჩვენთან არა, მაგრამ 7 ოქტომბერს, “რადიო თავისუფლებასთან” კომენტარში ხმალაძემ განაცხადა, რომ აითაჯის დედას არაერთგზის დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ თუ სკოლაში არ გამოცხადდებოდა მისი გარიცხვის საკითხი დადგებოდა. მას შემდეგ კი ამის შესახებ, სოციალური დაცვის სააგენტოს შეატყობინა.

ბოლნისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის” ხელმძღვანელი, სამირა ისმაილოვა გვეუბნება:

არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები საკუთარ შვილებს დედის სახელზე არეგისტრირებენ, რათა თავიდან აიცილონ კანონით განსაზღვრული პროცედურები.

რა ქნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ?

აითაჯის საქმესთან დაკავშირებით, შსს-მ პოსტფაქტუმ სისხლის სამართლის კოდექსის ხუთი მუხლით დაიწყო გამოძიება. 

14 წლის გოგოს მკვლელს, 27 წლის ასიმ ასლანოვს ბრალად ედება:

  • სსკ-ს მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს;
  • სსკ-ის 236-ე მუხლი, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება;
  • სსკ-ის 143-ე მუხლი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა არასრულწლოვნის მიმართ; რაც შეეხება აითაჯის დედას და ბიძას, მათ წინააღმდეგ ორი მუხლითაა დაწყებული გამოძიება:
  • სსკ-ს 150-ე პრიმა მუხლი – ქორწინების იძულება;
  • სსკ-ს 376-ე მუხლი, დანაშაულის შეუტყობინებლობა.

რა შეეძლო მუნიციპალურ ორგანოებს?

აითაჯის საქმესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალური ორგანოების მიერ ქმედითი ნაბიჯების შესახებ არცერთი ოფიციალური წყარო არ საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ დმანისის მერიაში კომენტარის გაკეთებას დაგვპირდნენ, მათგან პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს.

ჩვენს ზარებს არ პასუხობენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში (აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა აითაჯის ე.წ ქმარი)

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, თამარ გაბოძე გვეუბნება, რომ მუნიციპალური ორგანოების ვალდებულებაა ბავშვზე სავარაუდო ძალადობის შესახებ ეჭვის შემთხვევაში, შესაბამის უწყებებს შემდგომი რეაგირებისთვის შეატყობინონ. 

მსგავს შემთხვევებში მნიშვნელოვანი როლის მატარებელია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც. უწყება შეტყობინების მიღების შემდეგ ვალდებულია საქმის წარმოება დაიწყოს.

შეატყობინეს თუ არა და როდის აითაჯის სავარაუდო იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს და როგორი იყო მათი რეაგირება? – კითხვებით უწყებას დავუკავშირდით, თუმცა სხვა საჯარო უწყებების მსგავსად, მათ ჩვენთან კომუნიკაცია არ ისურვეს.

ჯანდაცვის სისტემის არაჯანმრთელი როლი

აითაჯის საქმემ სისტემაში არსებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოააშკარავა. მომხდარი დრამატული ამბის განხილვისას არაერთმა მოქალაქემ აღწერა არასრულწლოვანთა ქორწინების და ბავშვის დაბადების ქვეყანაში არსებული სქემა.

პრაქტიკა შემდეგია, როდესაც ბავშვს არასრულწლოვანი აჩენს ის სამედიცინო დაწესებულებაში მარტოხელა დედად რეგისტრირდება. ბავშვი, დაბადების შემდეგ იღებს დედის გვარს, მამის გვარზე კი მას შემდეგ გადადის, რაც მშობლები სრულწლოვანებას მიაღწევენ.

არადა, სისტემა რომ სწორად მუშაობდეს არასრულწლოვნის ფეხმძიმობის, მშობიარობის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებამ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გაუგზავნოს. შსს-მ რა უნდა ქნას იხილეთ ზემოთ.

აღნიშნული პრაქტიკის შესახებ ჩვენ დმანისში ყოფნისას ადგილზე ერთადერთ სამეანო განყოფილებიან საავადმყოფოს მივაკითხეთ, თუმცა საუბარი არც დმანისის წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფოს მენეჯერმა, ლიზა კაციტაძემ მოინდომა. 

რამდენი მარტოხელა დედის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი ფიქსირდება დმანისის მუნიციპალიტეტში? – ამის გასარკვევად ჩვენ ინფორმაცია საჯარო წესით ჯანდაცვის სამინისტროდან გამოვითხოვეთ, მათგან პასუხი ვერ მივიღეთ და როგორც შსს-ს შემთხვევაში, აქაც, ინფორმაციის მიღების მიზნით საჩივარი გავგზავნეთ.

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან მიიღო, 2018 წლიდან 2022 წლის ივნისამდე არასრულწლოვნების 2 564 მშობიარობა და 454 აბორტი აღირიცხა.

სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით კი:

ქვეყანაში 2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვანთა მშობიარობის რიცხვმა 434 შეადგინა.

აქედან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების 171 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

არასრულწლოვანთა იძულებით გათხოვების თუ ფეხმძიმობის შემთხვევების 2023 წლის სტატისტიკაში აითაჯის საქმესთან ერთად შევა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გოგოს შემთხვევაც, როდესაც მერვე კლასელმა გოგომ შვილი გააჩინა. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლამდე ასაკის პირთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.

შემთხვევა აითაჯის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში მოხდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ ხელმძღვანელი, სამირა ისმაილოვა გვეუბნება, რომ თავდაპირველად არასრულწლოვანი გოგო დანიშნეს, შემდეგ, „სხვა ქალაქში გადასვლის მიზეზით სკოლიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც დედის ჩართულობით 2 თვეში მოატაცებინეს.“

გარდა ზემოთაღნიშნული შემთხვევებისა, შსს-მ 23 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქმარმა ცოლს ეჭვიანობის ნიადაგზე თავი გადაპარსა.

ამასთან, ქმარმა ცოლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო გადაიღო და თანასოფლელებს შორის გაავრცელა. 

გამოძიება სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.  

სასულიერო პირთა დუმილი

აითაჯის მკვლელობაზე, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია არც ერთ რელიგიურ ინსტიტუტს, მათ შორის არც საპატრიარქოს და სამუფთოს, მიუხედავად იმისა, რომ მათი როლი საზოგადოებაში და დანაშაულის პრევენციაში მაღალია.

მღვდელი, გიორგი წეროძე გვეუბნება, “გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი საზოგადოება გამოირჩევა რელიგიურობით, როცა ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევა იქნება, კარგი იქნება თუ მათი/ჩვენი ხმაც გაისმება, რაც შესაძლოა იყოს პრევენციული ხასიათის”

“იქნებ ხალხს ჰგონიათ, რომ მამაკაცი უპირატესია ოჯახში, ქრისტიანობაში და ეს ახალისებს მას… უნდა იცოდეს კაცმა, რომ ეს შეცდომაა.”

როგორ აფასებენ მომხდარს სპეციალისტები?

“ის, რაც მოხდა აითაჯის შემთხვევაში იყო არა ერთი, არამედ რამდენიმე დანაშაული, როგორც დანაშაულის შეუტყობინებლობის, ასევე ქორწინების იძულების თვალსაზრისით,” – გვეუბნება, “უფლებები საქართველოს” იურისტი, ელისო რუხაძე. 

რუხაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში მშობლები ან პასუხისმგებელი პირები, წყვეტენ  ქორწინების საკითხს ისე, რომ არ ითვალისწინებენ ბავშვის ინტერესებს, რაც მანკიერი პრაქტიკაა.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე გვეუბნება, რომ აითაჯის შემთხვევამ გამოკვეთა ორი ძირითადი გამოწვევა, რაც საქართველოში და განსაკუთრებით რეგიონებშია:
1. პრევენციული სამუშაოების სისუსტე;
2. რეგიონებში სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირების დეფიციტი.

სტატისტიკა

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობითაა წარმოდგენილი, 2020 წელს, არასრულწლოვანთან სავარაუდოდ ქორწინების მოტივით ჩადენილ დაახლოებით 134 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 212-მდეა შემცირებული, ხოლო გასული წლის 6 თვის მონაცემებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 61 შემთხვევაში დაიწყო. 

რაც შეეხება არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობას, ამავე წყაროს ცნობით, 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 42 პირის მიმართ, 2021 წელს – 67 პირის მიმართ, ხოლო 2022 წელს (6 თვე) – 44 პირის მიმართ.

რა შეუძლია მედიას?

აითაჯის მკვლელობის თემაზე მუშაობისას ჩვენს რედაქციას კანონით სავალდებულო ინფორმაცია დაუმალა და არ მიაწოდა შემდეგმა უწყებებმა და ინსტიტუტებმა:

  • განათლების სამინისტრომ;
  • სკოლამ და რესურსცენტრმა;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ;
  • მუნიციპალიტეტებმა და მერიამ;
  • საავადმყოფოებმა და ჯანმრთელობის სამინისტრომ;

ინტერვიუზე არაერთი უარი მივიღეთ რიგითი ადამიანებისგან, ვინც შესაძლოა დღესაც არიან ბავშვზე მსგავსი ძალადობისა და იძულების მოწმენი და დუმან.

რა შეუძლია ხალხს?

სავარაუდო ძალადობის და არასრულწლოვანის ქორწინების იძულების შესახებ, შესაბამისი უწყებებისათვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა აქვთ მოქალაქეებსაც, თუმცა საზოგადოება ხშირად დისტანცირებას ამჯობინებს. 

რა სერვისებია საქართველოში ძალადობის მსხვერპლთათვის?

გასულ წელს, UNICEF-ის მხარდაჭერით, თბილისში გაიხსნა, ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი, რომლის მიზანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რე-ტრავმირებისგან დაცვა და საგამოძიებო და სარეაბილიტაციო მოქმედებების ერთ სივრცეში თავმოყრაა.

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე გვეუბნება, რომ გახსნიდან ამ დრომდე ცენტრი 100-ზე მეტ ბავშვს მოემსახურა, რომელთაგან 36 საქართველოს რეგიონებიდან იყო. 

მაია ქურციკიძე გვეუბნება, რომ გეგმავენ მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნან ქუთაისშიც. 

საქართველოში, ფუნქციონირებს აპლიკაცია „Safe You”, რომლის ჩამოტვირთვა Android  და IOS ტელეფონებზეა შესაძლებელი და SOS ღილაკზე თითის დაჭერით:

თქვენ მიერ წინასწარ შერჩეულ სანდო კონტაქტებს მისდით მესიჯი “საფრთხეში ვარ!”
1. ეგზავნებათ თქვენი ზუსტი ადგილმდებარეობა რუკაზე;
2. იწყება აუდიოს ჩაწერა და ინახება, ტელეფონის დაზიანების შემთხვევაშიც;
3. სანდო კონტაქტად შეგიძლიათ მონიშნოთ თქვენი ნებისმიერი მეგობარი და ოჯახის წევრი. ასევე, შეგიძლიათ წინასწარ მონიშნოთ, რომ შეტყობინება მიუვიდეს პოლიციასაც.

აპლიკაცია სომხეთში ორგანიზაცია “Impact Innovations Institute”-მ შექმნა, რომელიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის, “საფარის” ზედამხედველობით მუშაობს.

არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო ძალადობის ეჭვის შემთხვევაში სისტემა რომ გამართულად, კანონმდებლობის მიხედვით მუშაობდეს, შედეგი შემდეგი იქნება:

არასრულწლოვანის მიმართ სავარაუდო ძალადობაზე დაიწყება მოკვლევა
▶️ დადასტურების შემთვევაში დაიწყება გამოძიება;
▶️  დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობა;
▶️ არასრულწლოვნისათვის საჭირო გახდება სხვადასხვა სოციალური სერვისის მიწოდება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ოჯახიდან გაყვანა.

მსგავსი და კიდევ სხვა, კანონით გაწერილი ქმედების შედეგი საბოლოოდ აისახება სტატისტიკაზეც.

აითაჯ შახმაროვას შემთვევაში, ყველა ეს ეტაპი და ინსტიტუტი უმოქმედო იყოდანაშაულის შეუტყობინებლობიდან დაწყებული, ინსტიტუტების და საზოგადოების დუმილით დასრულებული.

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი, ნინა ხელაძე და რუსტამ მაილოვი – 577 68 18 89