10 თვის წინ გადათხრილი და დაუსრულებელი გამსახურდიას ქუჩა ახალციხეში

June 12, 2024


გაუთვალისწინებელი, დამატებითი სამუშაოები, ვადის გახანგრძლივება თუ დაფინანსების წყაროს ცვლილება – ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწყებული და გაჭიანურებული პროექტების და ხელშეკრულებაში შეტანილი არაერთი ცვლილების შესახებ არაერთგზის მოგიყევით.

როგორც ირკვევა, გზების და ხიდების რეაბილიტაციის ხელშეკრულებებში ცვლილების ძირითადი მიზეზი სამუშაოების დაწყების დროს “გაუთვალისწინებელი” შემთხვევებია, რომლებიც პროექტში ასახული არ ყოფილა. ისეთი როგორიცაა ხიდის ქვეშ ძველი ხიდი, ინტერნეტ პროვაიდერის კაბელი თუ დაზიანებული წყლის და საკანალიზაციო სისტემა.

მერიის მტკიცებით, სწორედ საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების გამო გაჭიანურდა ახალციხეში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, დაახლოებით ნახევარი კილომეტრი გზის რეაბილიტაცია, რომელიც თითქმის 10 თვის წინ ჯერ წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის გადათხარეს, შემდეგ კი გზის დაგებისთვის. პროცესი წესით მაისის თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ვადა აგვისტომდე გახანგრძლივდა.