ორთვიანი შეზღუდვების მიზანია თებერვლიდან სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შევძლოთ – გახარია

December 3, 2020

ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი, წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში კოვიდის ინფექციის გავრცელების სისწრაფე – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში ინტენსიურმა ტესტირებამ ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების კონტროლს.

 „რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ორ თვეში ვირუსის კრიტიკული გავრცელების შემცირება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება“ – ამბობს გიორგი გახარია.

მისივე თქმით, ის მოთხოვნები, რომლებსაც გვიყენებს კანონი და ეპიდემიოლოგები, არ არის რთული და ყველამ უნდა დაიცვას.

„რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა, ის მოთხოვნები, რომლებსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ, როგორც ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები ეხება ყველას“ – განაცხადა გახარიამ.

ბიზნესის ნაწილში მიაჩნიათ, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები არის ლოქდაუნი, ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე და ამ მიდგომით მათი დიდი ნაწილი დაიხურება.