ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, “რემდესივირის“ მწარმოებელთან ფორმდება ხელშეკრულება და ამის შემდეგ, ორ კვირაში პრეპარატი საქართველოში ჩამოვა.
“დღეის მდგომარეობით, უკვე გავაფორმებთ ხელშეკრულებას მწარმოებელთან და ამის შემდეგ, 2 კვირაში პრეპარატი ქვეყანაში იქნება. როგორც იცით, თენგიზ ცერცვაძე დაუბრუნდა სამუშაოს და ჩვენ მასთან ერთად დავიწყებთ მუშაობას მკურნალობის ახალ პროტოკოლზე თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ „რემდესივირი“ და ის ჩვენი მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრეპარატი „რემდესივირი“ არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი და მისი მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით არის შესაძლებელი.
“როგორც მე ვიცი, „რემდესივირზე“ ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან აქვს გაფორმებული. ვიცი რომ სულ მალე უნდა იყოს ქვეყანაში. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ „რემდესივირი“ არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი, ის მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება, შესაბამისი ჩვენებებით კლინიკაში და არა ამბულატორიებში“,-განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, კორონავირუსის მკურნალობისას საკუთარ თავზე პრეპარატის გამოყენების გადაწყვეტილება თავად მიიღო.