საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, covax პლატფორმის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) გავლით სავარაუდოდ, მარტი-აპრილისთვის შემოვა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანამ ოთხ ნახევარი მილიონი წინასწარ იმ პირობით გადაიხადა, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა.
„დაახლოებით 170 ქვეყანაა კოვაქს პლატფორმაში გაერთიანებული და რამოდენიმე მილიარდ დოზას ყიდულობს 21 წლისთვის კოვაქს პლატფორმა და არა ერთ ვაქცინას. შეძენილი იქნება იგივე ოქსფორდის, ასტრა ზენეკასი, ფაიზერის და რამოდენიმე ვაქცინა იქნება შეძენილი. კარგი გადახდის პირობები გაკეთდა კოვაქს-პლატფორმასთან, ჩვენ რომ გადავიხადეთ ოთხნახევარი მილიონი უკვე წინასწარი შენატანი, ცოტა მეტი გადავიხადეთ, მაგრამ გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. ანუ რასაც გიკარნახებენ, ის კი არ შემოიტანო, არამედ შენ შეარჩიო ვაქცინა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ვაქცინის შეძენაზე მოლაპარაკებები, კოვაქს-პლატფორმის მიღმაც, პირდაპირ კომპანიებთანაც მიმდინარეობს.