TOK TV-ს ჟურნალისტის მიმართ “ალტ-ინფოს” პარტიის მხრიდან მუქარაზე გამოძიება არ დაიწყო. ახალციხის რაიონული სამმართველოს მიერ დღეს მოწოდებული წერილის თანახმად, სამართალდამცავმა უწყებამ, საქმეში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა.
საუბარია 13 თებერვალს, პარტიის ოფიციალური ანგარიშით სოციალურ ქსელში გამოთქმულ პოზიციაზე: «ცოტა ჭკვიანად იყავი, თორემ TOK TV გვერდზე დაგრჩება». მაუწყებელმა სიტყვები მუქარად შეაფასა და პროკურატურას მიმართა.
«ცოტა ჭკვიანად იყავი, თორემ TOK TV გვერდზე დაგრჩება» — ალტ-ინფოს პარტიის მუქარა ჟურნალისტს
ახალციხის რაიონული სამმართველოდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ: “განაცხადის ირგვლივ ჩატარებული გასაუბრების შედეგად არ გამოიკვეთა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის/გადაცდომის ნიშნები. ფაქტზე არ დაწყებულა გამოძიება.”
საქმეზე მიშო დარბაიძე ახალციხის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვაზე 4 მარტს იმყოფებოდა, სადაც ხაზგასმით დააფიქსირა, რომ პარტიის მიერ მისი მისამართით გამოთქმულს მუქარად აფასებს.
ალტ-ინფოს პარტია ახალციხეში და ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები
აქვე გეტყვით, რომ ჩვენი რედაქციის მიერ, 13 თებერვალს მომზადებული მასალის კომენტარებში, კონსერვატიული მოძრაობის ოფიციალური ანგარიშით დატოვებული კომენტარის შეფასებისას, პარტიის რეგიონულმა წარმომადგენელმა გვითხრა, რომ აღნიშული კომენტარი გვერდის სახელით არ უდნა დაეწერათ და შენიშვნას მიიღებდნენ.
ჩვენი ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტზე განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. ( ჟურნალისტური ეთიკის ქარტია «ალტ-ინფოს» პარტიის წარმომადგენლის მიერ TOK TV-ს ჟურნალისტის მიმართ მუქარის შესახებ )