ასპინძაში, ორ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაიწვა, შედეგად 8 ოჯახი სახლის გარეშე დარჩა. როგორც ასპინძის მერი, როსტომ მაგრაქველიძე გვეუბნება, გუშინვე მოქალაქეები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან გადაიყვანეს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მოქალაქეების სასტუმროში ან ქირით გადაყვანის საჭიროება არ ყოფილა, თუმცა “თუ მიმართვა იქნება, გადაიყვანენ.”
შემთხვევა გუშინ მოხდა, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი რამდენიმე საათის განმავლობაში ეკიდა და მის ჩაქრობას რამდენიმე სახანძრო სამაშველო სამსახურის ჯგუფი ცდილობდა.



შსს-ში გვეუბნებიან, რომ გამოძიება სსკ-ს 187 ე მუხლის 2-ე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, არაერთგზის, ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.