ახალციხეში კორპუსების რეაბილიტაციის შესახებ ჩვენს მიერ არაერთი მასალის მომზადების შემდეგ , სიუჟეტებს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის, ერთ ერთია ხანძთელის 32 კორპუსში მცხოვრებლები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა და წერილობით მიმართვისა კორპუსის რეაბილიტაცია ამ დრომდე არ იგეგმება.
როგორც კადრებში ხედავთ, დაზიანებულია კორპუსის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა.
იციან თუ რა დაზიანებული კორპუსის შესახებ და როგორია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გეგმა? ამის გასარკვევად ჩვენ უწყებაში დავრეკეთ. მათ ვიდეო კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრეს, ხოლო მოგვწერეს, რომ ციტატა:
«ქალაქის იერ-სახის მოწესრიგება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამ მიზნით მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების გადაღებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია, სამუშაოები იგეგმება და ხორციელდება ეტაპობრივად.»
აქვე გეტყვით, რომ გარდა სიუჟეტში მოყვანილი კორპუსისა, რეაბილიტაციას საჭიროებს თამარაშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსები, რომელთა სადარბაზოების რეაბილიტაციისთვის მერიას ტენდერი 200 ათასამდე ლარზე აქვს გამოცხადებული.
ახალციხის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისთვის 4 მილიონ ნახევარ ლარამდეა გათვალისწინებული. დოკუმენტის მიხედვით, ქვეპროგრამით სკვერების და რეკრეაციული ზონების, შენობების, ფასადების და სახურავების რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.