გარდაბნის მერიაში გვეუბნებიან, რომ ნახევარსაუკუნიან ორმოს ამოავსებენ

June 14, 2023

ავტორი: რუსტამ მაილოვი

გარდაბანში, 40 ათას კვმ-ზე მეტი ფართობის ორმოს, რომელიც ქალაქში ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს, ამოვსება იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია გვაწვდის.

უწყებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, უცნობია სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღი, ვადები და სავარაუდო ბიუჯეტი.

აღნიშნული ორმოს ამოვსების გადაწყვეტილება მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ჩვენმა რედაქციამ და სამოქალაქო ორგანიზაციებმა საკითხის შესახებ მერიას რამდენჯერმე მიმართეს. 

საბჭოთა «მემკვიდრეობა» გარდაბანში- 40 624 კვმ. ღია ორმო საფრთხის ბევრი ფორმით

ადგილობრივები ყვებიან, რომ ქალაქში უსაფრთხოების ნორმების გარეშე არსებული ორმო, საფრთხეს შეიცავს ბევრი მიმართულებით და აუცილებელია მისი მოწესრიგება, საზოგადოებისთვის სასარგებლო სივრცედ გარდაქმნა.

“რამდენიმე წლის წინ ორმოში მამაკაცი ჩავარდა, ის  ხალხმა გადაარჩინა. ამ სახიფათო ტერიტორიის შემოღობვას და მოწესრიგებას წლებია ვითხოვთ, თუმცა შედეგი არ ჩანს.” – ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენს რედაქციასთან.

რამდენად დაიწყო ორმოს ამოვსება? ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით, სადაც შემდეგი სურათი დაგვხვდა: ორმა სატვირთო ავტომანქანამ ორმოში სამშენებლო ნარჩენები ჩაყარა და ტერიტორია დატოვა. ადგილზე შესაბამისი სახის სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

ჩვენი რედაქცია განაგრძობს თემაზე მუშაობას.