ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ, გზა დაზიანებულია. ქალაქის ერთ-ერთ რეკრეაციულ ზონაში გადაადგილება მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს ასეთ პირობებში უწევთ.დაზიანებულია როგორც ტბამდემისასვლელი გზა ისე მის ირგვლივაც.
დაზიანებული გზის გამო ტერიტორიაზე მტვერი დგება. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ამ მონაკვეთზე დიდი სატვირთო მანქანებიც გადაადგილდება. შედეგად, სივრცეში, სადაც მოქალაქეები დასასვენებლად მიდიან, მტვერი ყოველდღიურობის ნაწილია.
აქვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტიც მდებარეობს. შესაბამისად, ამ გზით არა მხოლოდ ადგილობრივები და დასასვენებლად მისული მოქალაქეები, არამედ სასწრაფო დახმარების მანქანებიც სარგებლობენ.
როდის იგეგმება გზის მოწესრიგება და აპირებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება ამ მონაკვეთის რეაბილიტაციას, ვკითეთ ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს, რომელმაც გვითხრა, რომ ტერიტორიას მოაწესრიგებენ, თუმცა კონკრეტული ვადები ვერ დაგვისახელა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2 მილიონზე მეტი ლარის გამოყოფა იგეგმება.