ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, გუჯა გუჯაძემ, ჩვენს რედაქციას განუცხადა, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი თქმით, დაშავებული ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებული კლინიკა „იმედიდან“ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს.
მომხდარის შემდეგ შრომის ინსპექციამ მშენებლობაზე სამუშაოები შეაჩერა. ინსპექციაში ჩვენს რედაქციას განუცხადეს, რომ ადგილზე ჩატარებული შემოწმების შედეგად კრიტიკული დარღვევები გამოვლინდა, რის გამოც კომპანიას საქმიანობა დროებით შეუჩერდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ მოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ ამ ეტაპზე კონკრეტულად რა დარღვევები გამოვლინდა, არ ასაჯაროებენ.
ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ მშენებელ კომპანიასაც. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2 ივნისს, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას კაცს სამშენებლო ბლოკი დაეცა.