ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889
⭕ ახალციხის მერიის და მისი თანამშრომლების კუთვნილ ავტომობილებში ერთჯერადად ჩასხმულია იმაზე მეტი საწვავი, ვიდრე ამას მანქანის ავზი იტევს. სულ 2018-2019 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტმა 249.5 ათასი ლარის ღირებულების 113 ტონა საწვავი გაიხარჯა, – დასკვნას აუდიტის სახელმწიფო სამსახური აქვეყნებს.
⭕ ნახეთ როგორ შეფასებას აკეთებენ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით გადაცემაში #TokNewsსამცხე_ჯავახეთი
ახალციხის მერიის და მისი თანამშრომლების კუთვნილ ავტომობილებში ერთჯერადად ჩასხმულია იმაზე მეტი საწვავი, ვიდრე ამას მანქანის ავზი იტევს. სულ 2018-2019 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტმა 249.5 ათასი ლარის ღირებულების 113 ტონა საწვავი გაიხარჯა, – დასკვნას აუდიტის სახელმწიფო სამსახური აქვეყნებს.
აუდიტის დასკვნა, რომელიც მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების მუშაობის პერიოდის მონიტორინგს მოიცავს გამოვლინდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა: ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები, ინტერესთა კონფლიქტი, სამუშაოების დასრულების ვადის უსაფუძვლოდ გადაწევა, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები, ქონების მართვაში არსებული ხარვეზები და სატრანსპორტო საშუალებების მართვაში არსებული ხარვეზები.
დასკვნის მიხედვით, ახალციხის მერიის მიერ დაფუძნებული შპს “კეთილმოწყობა”, რომელიც მუნიციპალიტეტის ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებდა, სხვადასხვა სამუშაოებისთვის სპეცტექნიკას ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის კომპანია შპს “მელიზასგან” ქირაობდა.
,,შპს „კეთილმოწყობის“ მიერ ტრანსპორტირების მომსახურების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებს იგებდა შპს „მელიზა“, რომლის მფლობელი და 100%-ანი წილის მესაკუთრე 2018-2019 წლებში იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ახალციხის მერი, ამავე დროს იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც, რითიც დასტურდება მათი ურთიერთდამოკიდებულება,” – აღნიშნულია ანგარიშში.
როგორია მერის შეფასება სახელმწიფო აუდიტის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე უცნობია, მან არც სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა და არც სატელეფონო.
ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებში ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები გამოავლინა. საუბარია ახალციხის მერის მრჩეველის, გელვასი გელაძის კომპანიის ტენდერებში მონაწილეობაზე.
აუდიტის სამსახურის დასკვნით, ახალციხის მერის მრჩეველის, გელვასი გელაძის მიერ შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, მისივე კომპანია ასრულებდა სამუშაოებს, რომლის ინსპექტირებასა და მიღება-ჩაბარებასაც ისევ გელვასი გელაძე ახორციელებდა. აუდიტი მიუთითებს, რომ აღნიშნულით დარღვეულია ინტერესთა კონფლიქტის პირობები, რაც ფაქტობრივი გარემოებებითაც დასტურდება.
ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით გელვასი გელაძესთან დაკავშირებას, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობდა.
მერის მრჩეველის კომპანიის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის და სავარაუდო კორუფციული ქმედებების შესახებ ინფორმაცია მოყვანილია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” 2019 წელს გამოქვეყნებულ კვლევაშიც.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ საკითხით დაინტერესდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. გამოძიების დაწყების შემდეგ 2 წელზე მეტი გავიდა. რა ეტაპზეა გამოძიება? სუს-ში ამბობენ, რომ ის აქტიურად მიმდინარეობს და მეტ კომენტარს ვერ გააკეთებენ.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასევე წერია, რომ ახალციხის მერია კონტრაქტორ კომპანიებს სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის გამო, დაჯარიმების ნაცვლად ხელშეკრულების ვადებს დაუსაბუთებლად უხანგრძლივებდა და იყო შემთხვევები, როდესაც ახალციხის მერია მოქმედებდა კერძო კომპანიების ინტერესის სასარგებლოდ და არასათანადოდ რეაგირებდა, რის გამოც მუნიციპალიტეტმა 2018 – 2019 წლების განმავლობაში 83 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.
მუნიციპალიტეტის მერიაში შესაძლო დარღვევების შემოწმების მიზნით აუდიტის შესვლას აქტიურად ითხოვდა საკრებულოს დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” თამარ გოგოლაძეც. მისი შეფასებით აუდიტის სამსახურის დასკვნა მერიის არაკანონიერ ქმედებებზე მიუთითებს, თუმცა მიაჩნია რომ აუდიტმა დააგვიანა.
საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ნატო დარბაიძე გვეუბნება, რომ მეტი დარღვევის გამოვლენას ელოდა.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით 05 მარტს გამოქვეყნდა.