ბორჯომის მინერალური წყლის ჩამომსხმელმა ქარხნებმა მუშაობას შეწყვიტა, შესაბამისად 700-მდე დასაქმებული თანამშრომელი დროებით უმუშევარი რჩება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მიზეზი გაფიცული თანამშრომლების ქმედებებია, რომლებიც მათი შეფასებით, საფრთხის ქვეშ აყენებენ ადამიანის ჯანმრთელობას.
ინფორმაციას გვიდასტურებენ აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირშიც.
“ვაჩერებთ ორივე ქარხნის მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ პროფკავშირების წევრი აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. სატვირთო ავტომანქანების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირება, რომელსაც ახორციელებს გაფიცულების ნაწილი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს თანამშრომლებს, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებს და თავად გაფიცულებს. სწორედ ამიტომ, ქარხნების მუშაობა განახლდება მსგავსი ტიპის უკანონო ქმედებების შეწყვეტისთანავე,” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომში ჩამოსასხმელი ორი ქარხნის 350-მდე თანამშრომელი უკვე მეორე დღეა გაიფიცა. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მათივე თქმით, საპროტესტო აქციას მანამ გაავრცელებენ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.