“ბორჯომის” ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვის მეშვიდე დღის მთავარი დეტალები

June 7, 2022

ბორჯომის ჩამომსხმელ ქარხნებში არსებულ ვითარებას შრომის ინსპექცია შეისწავლის. ამ მიზნით დღეს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანასთან გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა.  

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება.

ბორჯომის ჩამომსხმელ ქარხნებში დასაქმებულები უკვე მეშვიდე დღეა გაფიცულები არიან. პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, გაფიცულებთან ერთად ორივე ქარხნის შესასვლელი გადაკეტეს და მენეჯმენტს ქარხანაში არ უშვებდნენ. მისივე თქმით, მათსა და სამართალდამცავებს შორის მცირედი ინციდენტიც მოხდა. 

გიორგი დიასამიძე ჩვენთან საუბარში ასევე ამბობს, რომ კომპანიამ გაფიცულების ჩასანაცვლებლად რუსეთიდან 10-მდე პირი ჩამოიყვანა და მათ დღიურად უხდიან ანაზღაურებას. მისივე თქმით, ის პირები, რომლებიც გაიფიცნენ 2 თვის ანაზღაურება არ აქვთ მიღებული.

ახალი კადრების აყვანას უარყოფენ კომპანიაში, ხოლო ხელფასების დაგვიანებას, გაყინული ანგარიშებით და შეზღუდული ფინანსებით ხსნიან და ამბობენ, რომ პირველ რიგში ხელფასი ერიცხება მას, ვინც ქარხანაში მუშაობს. 

“ბორჯომის აქციონერები გავხდებით ჩვენ”– ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის საკითხს ერთ კვირაში განიხილავენ, რის შემდეგაც კომპანიის აქციონერი მთავრობა გახდება. 

პრემიერის თქმით, არსებობს გარკვეული სირთულეები, მათ შორის მან დასაქმებულების პროტესტიც იგულისხმა. “მინდა, ვუთხრა ყველას, რომ ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით, ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც არის საჭირო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

როგორ ესახება ბორჯომის საწარმოებთან დაკავშირებით შექმნილი კრიზის დაძლევა სამცხის მაჟორიტარ დეპუტატს ანტონ ობოლაშვილს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა  ზარებს არ პასუხობს, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ინფორმაციის გარკვევას დაგვპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის თანამშრომლები 31 მაისს გაიფიცნენ. მათ მოთხოვნებს შორის არის გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა, ძველი შრომითი პირობების დაბრუნება და ხელფასების 25 %-იანი ზრდა. 

კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოება მცირე მასშტაბით განაახლეს, რაც შეეხება კრიზისის პერიოდში ხელფასების ზრდას, მათთვის ეს კრიზის ხელოვნურ გამწვავებად არის აღქმული. 

შეგახსნებთ, კომპანიამ ჩამომსხმელი ორი ქარხნის მუშაობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც მისი აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელს, რუს ოლიგარქს სანქციები შეეხო.