“ალტ-ინფოს” პარტია 217 482 ლარით დააჯარამეს, პარტიაში ამბობენ რომ ეს “უსამართლოა” და აპირებენ გაასაჩივრონ

June 6, 2022

“კონსერვატიული მოძრაობა” 217 482 ლარით დაჯარიმდა. ამის საფუძველი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა გახდა. უწყების ცნობით, “კონსერვატიული მოძრაობის” წინააღმდეგ სასამართლოს 2 საქმეზე მიმართეს: 
1. პარტიამ 2021 წლის დეკლარაცია არასწორად წარადგინა აუდიტის სამსახურში და 
2. არაფულადი შემოწირულობების დამალვის მიმართულებით. 

“1. პარტიამ 2021 წლის დეკლარაცია არასწორად წარადგინა აუდიტის სამსახურში, კერძოდ, მათ წარადგინეს განცხადება, იმის შესახებ თითქოს დეკემბრის თვეში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონიათ, თუმცა როგორც გახსოვთ ოფისების დიდი ნაწილი მათ სწორედ დეკემბერში გახსნეს.

2. შემოწირულობების დამალვა – საუბარია არაფულადი შემოწირულობის დამალვაზე.  კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულობის შესახებ, რომელიც ბრენდირებული მასალების დამზადებისა და რეგიონული ოფისების რემონტის სახით მიიღეს. ასევე პარტია რამდენიმე ოფისს ხელშეკრულების გარეშე განკარგავდა(ანუ ჯერ ოფისი გახსნეს, და ხელშეკრულება მოგვიანებით გააფორმეს).”

როგორც აუდიტის სამსახურში გვეუბნებიან, პარტიის დამალული არაფულადი შემოწირულობა 71 000 ლარზე მეტია. მათივე ცნობით, პარტიას ეკისრება გასამმაგებული თანხის გადახდა. 

როგორ აფასებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას “კონსერვატიულ მოძრაობაში”, ამის გასაგებად ჩვენ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კოკა მორგოშიას დავუკავშირდით. მისი თქმით, გადაწყვეტილება უსამართლოა და გასაჩივრებას აპირებენ.   

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა შეფასებით, პრორუსული ნარატივით ცნობილი „ალტ-ინფო» დაკავშირებულია 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტებთან, მაუწყებლის წამყვანი პირები სიძულვილის ენის გავრცელებით აქტივისტებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

ასევე, მაუწყებლობა არაერთი ფაქტჩეკერი ორგანიზაციის მიერ მიჩნეულია როგორც რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია.​