აწყურში სასმელი წყლის რეაბილიტაცია იგეგმება

June 6, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ აწყურში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 400 ათასზე მეტის გამოყოფას აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა განთავსებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ახალი გამანაწილებელის მოწყობა, თავისი შენობით – საიდანაც წყალი ოჯახებზე გადანაწილდება. ასევე გათვალისწინებულია 380 მეტრი ლითონის დაზიანებული მილის დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება. 

დოკუმენტის მიხედვით, აწყურში 2 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ თანხა რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესრულებისთვის, ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 კვირა აქვს. 

წინადადებების მიღება გუშინ დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდება.