დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერების საქმეზე გამოძიება? კითხვაზე პასუხს TOK TV მთელი დღის განმავლობაში ელოდება, თუმცა უწყებაში მხოლოდ გვპასუხობენ, რომ “გადმოგვირეკავენ.”
“დაგირეკავთ მე თვითონ,” – ეს არის ერთადერთი პასუხი, რომელსაც უწყებაში გვაწვდიან.
ზუსტად იდენტურ პასუხს გვცემენ პროკურატურაშიც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტვ პირველის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის შესაძლო საუბრის შემცველი აუდიო ჩანაწერი გავრცელდა(ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის).
ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ბერა ივანიშვილის დავალებით აღნიშნული პირები სიტყვიერ და ფიზიკურ მუქარას იყენებდნენ იმ პირების მიმართ, ვინც სოციალურ ქსელში მილიარდერის შვილს გააკრიტიკებდა.
დღეს ბიძინა ივანიშვილის სახლთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს მოქმედი პირების თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, სადაც მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა.
აუდიოჩანაწერში ასახული შინაარსის საფუძველზე საზოგადოების ნაწილი გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ჩანაწერებთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ, განცხადება გაავრცელა პარტია “ქართულმა ოცნებამაც” განცხადებაში წერია, რომ დიალოგები 2010-2011 წლების დროინდელია და შედგება რამდენიმე თვის ჩანაწერებისგან.
“გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისგან. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ,” – ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889