“დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური,” – ასე გამოეხმაურა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემა Der Spiegel-თან მიცემულ ინტერვიუს და მასზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მიერ გაკეთებულ შეფასებებს.
როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, “აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება არ შემიძლია.”
მეტი დეტალის გასარკვევად და მისგან ვიდეო კომენტარის ჩაწერის მოტივით, ჩვენი რედაქცია ვანო მერაბიშვილს დაუკავშირდა, თუმცა ყოფილმა მინისტრმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
შეგახსენებთ , რომ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ხალხი, რომელმაც მისი ჩამოსვლა დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.