დაფარული საჯარო ინფორმაცია – TOK TV წალკის მერიაში საჩივარის მომზადებას გეგმავს

October 27, 2023

რამდენი სოფელია წალკის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის გარეშე?
როდის იგეგმება რეაბილიტაციიდან ორ თვეში დაზიანებული სოფელ კოხტას გზის შეკეთება?

კითხვებზე პასუხები საჯარო წესით, წალკის მერიიდან ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გამოვითხოვეთ, კონკრეტულად კი 15, 18 და 21 სექტემბერს. წალკის მერიას ინფორმაციის მოწოდებისთვის კანონით 10 სამუშაო დღე ჰქონდა, თუმცა პასუხების ნაწილი ერთი თვის შემდეგაც არ გვაქვს.  ერთ-ერთ საკითხზე ნაწილობრივ პასუხები მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც მერიას დავუკავშირდით და ვუთხარით, რომ სასამართლოსთვის მიმართვას ვგეგმავდით. 

ჩვენ წალკის მერიას ვეკითხებოდით: არის თუ არა მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემა, იგეგმება თუ არა მისი მოწყობა და რა ბიუჯეტია გათვალისწინებული ამისთვის.

უწყებამ ინფორმაცია ნაწილობრივ მოგვაწოდა, სადაც ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის არცერთ სოფელში არ არის საკანალიზაციო სისტემა. 

რაც შეეხება წყლის და გზების რეაბილიტაციის თემაზე გამოთხოვილ ინფორმაციას, მისი მიღებისათვის ჩვენი რედაქცია IDFI-ს მხარდაჭერით, წალკის მერიაში ადმინისტრაციული საჩივრის შეტანას გეგმავს. IDFI-ს მთავარი იურისტი, გიორგი დავითური გვეუბნება, რომ თუ უწყება ინფორმაციას მაინც არ გამოაგზავნის, შემდეგი ეტაპი უკვე სასამართლოა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციას სასამართლოსთვის საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის 40-მდე შემთხვევის გამო აქვს მიმართული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს რედაქციას სასამართლოს მექანიზმის მოშველიება დასჭირდა საჯარო ინფორმაციის მიღებისთვის. გასულ წელს, კულტურის სამინისტროდან, ახალციხის სოფელ ივლიტას ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც უწყებას ვადების დარღვევის გამო სასამართლოში ვუჩივლეთ.

https://toktv.ge/%d0%bd%d0%be%d0%b2%d0%be%d1%81%d1%82%d0%b8/111111111111111-16/