სტალინის ქუჩაზე თანამედროვე კოლეჯი-ვალე

October 27, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ  ვალეში, სტალინის N18–ში მდებარე უფუნქციო და ამორტიზირებულ შენობაში კოლეჯის აშენება იგეგმება, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, სამშენებლო  მიმართულებას შეასწავლიან. 

ახალციხის საკრებულოდან მიღებული დოკუმენტაციის თანახმად, მუნიციპალიტეტმა ზემოთხსენებული შენობა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა, საკითხს 23 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

დოკუმენტის მიხედვით, ქალაქ ვალეში კოლეჯს  განათლების სამინისტრო და შპს „ბი ქეი ქონსთრაქშენი“ ერთობლივად ააშენებენ.

კონკრეტულად როდის გეგმავენ ვალეში კოლეჯის აშენებას? კითხვით ჩვენ განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განყოფილებას დავუკავშირდით, უწყებაში კითხვებზე პასუხების მისაღებად ოფიციალური წერილის მიწერა გვთხოვეს.

“ბი ქეი  კოსტრაქშენის” ინფორმაციით, კოლეჯის აშენება 2024 წელს იგეგმება, რომლისთვისაც 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მათივე ცნობით, გათვალისწინებულია საერთო საცხოვრებლის აშენებაც.

 “ ბი ქეი კონსტრაქშენის” ცნობით  2017 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაღრმავებისა და რეგიონებში სამშენებლო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დაფუძნდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ა(ა)იპ – სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში სამშენებლო მიმართულების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე. 

პროექტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალებისთვის ჩვენ ახალციხის მერიასაც  დავუკავშირდით, უწყებაში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ თუმცა პასუხები ამ დროისთვის ვერ მივიღეთ.