ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სასამართლომ პროკურატურას „TV პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა, მათ შორის კონფიდენციალური წყაროს მიერ ჟურნალისტებისთვის გადაცემული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის.
გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა მედიის მხრიდან. სპეციალური ბრიფინგით ტვ პირველის ჟურნალისტებმა და მენეჯმენტმა დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს.
როგორ აფასებს ახალციხეში მომუშავე მედია და სამოქალაქო სექტორი TV პირველის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს? არასამთავრობო ორგანიზაცია, “დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე თვლის, რომ პროკურატურის მხრიდან მსგავსი ქმედება ერთგვარი “სიგნალია” სხვა კრიტიკული მედიის მისამართით.
“ასე მგონია 20 წლით უკან დავბრუნდი” -პროკურატურის გადაწყვეტილებას კონფიდენციალური წყაროს მოკვლევის შესახებ აფასებს TV9-ს საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი, რუსკა გვარამაძეც. ამბობს, რომ მედიას აქვს კანონით უფლება წყარო არ გაამხილოს.
“ეს არის რუსული მეთოდი” – გვეუბნება ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი, მაკა სუდაძე.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს TV პირველის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის შესაძლო საუბრის შემცველი აუდიო ჩანაწერი გავრცელდა.
ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ბერა ივანიშვილის დავალებით აღნიშნული პირები სიტყვიერ და ფიზიკურ მუქარას იყენებდნენ იმ პირების მიმართ, ვინც სოციალურ ქსელში მილიარდერის შვილს გააკრიტიკებდა.
აღნიშნულზე პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ “კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით” დაიწყო.