“საპატიო ასპინძელი” – კონკურსი

March 12, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“საპატიო ასპინძელი” –  ასპინძის მერია 2021 წლის საპატიო ასპინძელს გამოავლენს. ამისთვის განცხადებების მიღება უკვე დაიწყო – ინფორმაციას ასპინძის მერია ავრცელებს.

“კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვთ: ა) საზოგადოებრივ, შემოქმედებით კავშირებს და პროფესიულ ორგანიზაციებს; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) მუნიციპალიტეტის მერს; დ) ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს; ე) ფიზიკურ პირს, რომლის მიერ წამოყენებულ კანდიდატს მხარს უჭერს, ასპინძის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები არანაკლებ ასი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე,” – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეს წოდება ,,საპატიო ასპინძელის” მინიჭების შემდეგ გადაეცემა მოწმობა, მედალი და ფასიანი საჩუქარი ან ფულადი ჯილდო.

მერის მოადგილე, ლევან ბერიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შესაძლებელია მაქსიმუმ სამი პირი გახდეს ტიტულის მფლობელი. ამ დროისთვის განცხადებები შესული არ არის.

“არაუმეტეს სამი პირი გახდება გამარჯვებული, გააჩნია რამდენი მიიღებს მონაწილეობას და რამდენი შეირჩევა. ამ დროისთვის განცხადებები შესული არ არის,” – გვეუბნება ბერიძე.

მისივე თქმით, კონკურსი მარტის ბოლომდე გაგრძელდება და გამარჯვებულს 20 აპრილამდე გამოავლენენ.