ვალეში, სტალინის ქუჩაზე, სამშენებლო კოლეჯი “კონსტრუქტორი” იხსნება, სადაც ამ ეტაპზე, ელექტროობის ერთ წლიანი პროგრამის შესწავლა, უფასოდ იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ დღეს, ახალციხეში და ვალეში, კოლეჯის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
“კონსტრუქტორის” ლოკალური მენეჯერის, თამარ კელაპტრიშვილის თქმით, კოლეჯი ნოემბრიდან გაიხსნება და პირველ წელს მხოლოდ ერთი პროგრამის, ელექტროობის სწავლება იქნება შესაძლებელი.
პროგრამაზე სულ 20 ადამიანის რეგისტრაციაა შესაძლებელი.
კელაპტრიშილის თქმით, კოლეჯში მოხვედრა და სწავლა, გასაუბრების საფუძველზე, შეუძლიათ როგორც 9 კლასდამთავრებულ ასევე განათლების უფრო მაღალ საფეხურზე მყოფ პირებს, ასაკის შეუზღუდავად.
მისივე თქმით, პროგრამებზე სწავლა უფასო იქნება.
პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელი ამბობს, რომ გათვალისწინებულია საერთო საცხოვრებელიც, რომელიც 60-მდე ადამიანს დაიტევს.
სტალინის ქუჩაზე თანამედროვე კოლეჯი-ვალე
აქვე გეტყვით, რომ ქალაქ ვალეში, სტალინის N18-ში არსებული შენობა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფოს კოლეჯის მოწყობის მიზნით, უსასყიდლოდ გადასცა. შენობას რეაბილიტაცია განათლების სამინისტრომ და შპს „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ ერთობლივად ჩაუტარეს, რომლისთვისაც 3 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.