ავტორი: მირანდა ფუტკარაია
საქართველოს პარლამენტმა გუშინ 7 მარტს “აგენტების” შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. საზოგადოების მწვავე პროტესტის ფონზე კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა. მათ შორის არიან ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატები: გოგი მეშველიანი, ზაურ დარგალი, ირაკლი შატაკიშვილი და სავალან მირზოევი.
დავინტერესდით, რა მიზნით და რა მიზეზით დაუჭირეს მხარი დეპუტატებმა “აგენტების” კანონპროექტს .
რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
წალკის, ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა კი გვითხრა, რომ მის მიერ გამოხატული მხარდაჭერა “პრინციპების დონეზე მხარდაჭერას “ ნიშნავს.
“იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს გარკვეული ანგარიშგება ჰქონდეთ საზოგადოებასთან, მხარს ვუჭერდი და კენჭისყრის დროსაც დავაფიქსირე,”- განგვიცხადა მეშველიანმა. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მეორე განხილვაზე მიიღებს.
გოგი მეშველიანი 2005-2014 წლებში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის კოორდინატორის თანამდებობას იკავებდა.
ზაურ დარგალი, რომელმაც “აგენტების” კანონის სასარგებლოდ მისცა ხმა, 2011–2013 წლებში მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილედ მუშაობდა.
Გუშინ კანონის პირველი მოსმენით მიღების პარალელურად მიმდინარე აქციაზე 66 პირი დააკავეს, – ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
“დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი,”- ასევე ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. Აქციაზე დაშავდნენ მომიტინგეებიც. Მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.
“აგენტების “ კანონის მეორე მოსმენა “ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ ჩაინიშნება,”- განაცხადა დღეს მოძრაობა “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა .