წალკაში 9 შენობის სახურავის რეაბილიტაცია იგეგმება – რომელ ქუჩებს შეეხება პროექტი

March 8, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

წალკაში 9 მრავალსართულიანი შენობის სახურავის რეაბილიტაცია იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზეა განთავსებული.  

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, წალკის მერია აღნიშნული სამუშაოებისთვის ჯამში, 600 ათასამდე ლარის გამოყოფას გეგმავს. სახურავის რეაბილიტაცია შემდეგ მისამართზე არსებულ შენობებს ჩაუტარდებათ:  იოანიდის ქ. N1,  იოანიდის ქუჩა N2, ჭავჭავაძის ქ. N10, თბილისის ქუჩა N2,  ყაზბეგის ქ.N2, აიდანოვის ქ.37,   აიდანოვის ქ N38,  აიდანოვის ქ N40,    აიდანოვის ქ N42.

წალკის მერიის შესყიდვების განყოფილების წარმომადგენლის მირზა გადრანის ინფორმაციით, აღნიშნული შენობების სახურავებს რეაბილიტაცია ჯერ არასდროს ჩატარებია.  Საცხოვრებელი კორპუსების ნაწილი გასული საუკუნის 40-იან, 50-იან, 70-იან წლებშია აშენებული.

როგორც  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 2 მარტს ორ ნაწილად გამოაცხადა.  5 შენობის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის წინადადებების მიღება 2023 წლის  24 მარტს დაიწყება და 29-ში დასრულდება.  Დარჩენილი 4-სთვის კი პროცესი 23 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება. 

წალკის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, ტენდერი ორ ნაწილად პროცესების გამარტივების მიზნით გამოცხადდება.  სამსახურის უფროსის ამირან საყვარელიძის თქმით, 9 შენობის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

Მისივე განმარტებით, აღნიშნული 9 საცხოვრებელი კორპუსის სახურავის გარდა, წალკაში ყველა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი გადახურულია.