“სახელმწიფო აუდიტის სამსახური” ახალციხის მერიის გამარტივებულ შესყიდვებში, თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს ხედავს, – ამის შესახებ საუბარია “აუდიტის” ბოლო დასკვნაში.
დასკვნა აუდიტმა 2 თებერვალს გამოაქვეყნა და მოიცავს მუნიციპალიტეტის 2021-22 წლების სამუშაოების შეფასებას.
“აუდიტის” მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, ახალციხის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 3 ხელშეკრულებით, 130 000-ზე მეტ ლარად შეისყიდა სამშენებლო სამუშაოები, რომლის თანხაც მერიამ ისე გადაიხადა, რომ ფაქტობრივი დანახარჯები არ დაუდასტურებია.
“აუდიტის ჯგუფმა მოითხოვა ფაქტობრივი ხარჯის ამსახველი დოკუმენტაცია, თუმცა მერიამ შესაბამისი მონაცემები ვერ წარმოადგინა,” – ნათქვამია ანგარიშში.
რა პოზიცია აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხის მერიას? – უწყებაში გვითხრეს, რომ წერილობით უნდა მიგვემართა. ჩვენ მერიას საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით უკვე მივმართეთ.
მეოთხე დღეა მერიიდან პასუხის მიღებას ველოდებით აუდიტის მიერ ეჭვქვეშ დაყენებული საწვავის ხარჯვის მიზნობრიობის და უხარისხო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შესახებ.
მასალები ვრცლად:
ახალციხის მერიამ 74 ხელშეკრულებაში 150-ზე მეტი ცვლილება შეიტანა – აუდიტი
–
რამდენს წვავს ახალციხე? – აუდიტის დასკვნა
“აუდიტში” გვეუბნებიან, რომ ახალციხის, ნინოწმინდის, ახალქალაქის და ბორჯომის საქმიანობის ანგარიშები პროკურატურაში გადაგზავნეს.
დაიწყო თუ არა გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია, პროკურატურაში ინფორმაციის დაზუსტებას დაგვპირდნენ.