რამდენს წვავს ახალციხე? – აუდიტის დასკვნა

February 5, 2024

აუდიტის სამსახურის ახალი დასკვნის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებში ჩასხმულია იმაზე მეტი საწვავი, ვიდრე ამას ავზი იტევს, დოკუმენტის მიხედვით, მსგავსი შემთხვევა 2021-22 წლებში დაფიქსირდა 40-ჯერ.

გარდა ამისა, დასკვნის მიხედვით, 8 შემთხვევაში მუნიციპალურ ავტომანქანებში ავზზე მეტი მოცულობის საწვავი დროის მცირე მონაკვეთში ჩაასხეს.

ამასთან, აუდიტი საუბრობს იმაზეც, რომ მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ, დასაბუთების გარეშე საწვავი 267-ჯერ ჩაასხეს, ჯამში 8 000 ლიტრზე მეტი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აუდიტი ავტომობილების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებზე საუბრობს. მაგალითად, იგივე შემთხვევა დააფიქსირეს 2021 წელსაც.

როგორც აუდიტი წერს, მუნიციპალიტეტი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებდა 15 კუთვნილ, 2 სამორიგეო და 27-29 საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას.

“წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა გახარჯა 159.8 ათასი ლიტრი საწვავი. მათ შორის, საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე გაცემულია 83.0 ათასი ლიტრი საწვავი,” – ნათქვამია განცხადებაში.

რა პოზიცია აქვს მუნიციპალიტეტს დასკვნასთან დაკავშირებით და რას ამბობენ ავტომობილების არასამსახურებრივი გამოყენების რისკებზე? – მერიიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.

აუდიტი თავის დასკვნაში ამბობს: “მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე;

საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, საწვავი გამოყენებულია არაავტორიზებულ ავტომანქანებზე, ასევე კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.”