კანონი ინდივიდუალური მიდგომით – რაბათის ციხესთან საცხოვრებელს ვერ არემონტებენ, მაგრამ ჯვარს დგამენ

November 29, 2023

ახალციხეში, რაბათის დასახლებაში, “ახალციხის ციხის” მიმდებარედ სახლების ნაწილი, 2012 წელს რაბათის ციხის და მიმდებარე ტერიტორიის კაპიტალური რეაბილიტაციის ნუსხაში ვერ მოხვდა. დღეს აქ მცხოვრებლების ნაწილი, საჭიროების მიუხედავად შენობების რეაბილიტაციას ვერ ახერხებს, უბანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, ნებისმიერი მშენებლობისთვის თუ სარემონტო სამუშაოებისთვის ნებართვის მიღებაა საჭირო. 

რაბათის ტერიტორიაზე მცხოვრებლების ნაწილი გვეუბნება, რომ ამ ნებართვის მიღება ძალიან რთული ან თითქმის შეუძლებელია. ამას ფინანსური ხარჯიც ემატება, რადგან ნებართვა ფასიანია. 

როგორც რაბათის დასახლებაში მცხოვრები ერთ-ერთი პირი გვეუბნება, რომელმაც “ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების” მოტივით საჯაროობა არ ისურვა, სახლი 10 წელზე მეტია დაზიანებული და სარემონტო აქვს, გაჩნდა ბზარები, სახლის წინ არსებული ავტოფარეხი კი სრულად მოიშალა. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა მან მშენებლობის ნებართვა მაინც ვერ მიიღო.

“სახლი თითქმის დაინგრა, ავტოფარეხი სრულად დაიშალა, ფანჯრები ნაყიდი მაქვს მაგრამ არ მაცვლევინებენ, ნებართვა უნდაო. მე კიდევ არ მაქვს სახსრები ცალკე ნებართვა ავიღო და ცალკე – რეაბილიტაცია ჩავუტარო სახლს, რადგან პენსიონერი ვარ და ამდენს ჩემი პენსიით ვერ გავწვდები. ფულიც რომ მქონდეს ნებართვის მიღებას თვეები და წლები სჭირდება.”

“წლებია ვითხოვ ნებართვას, რომ სახლს მივაშენო ერთი ოთახი, მაგრამ ვერ მივიღე.”

ჯვარი კულტ. მემკვიდრეობის ტერიტორიაზე – გაიცა თუ არა ნებართვა


“კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის მიხედვით, მას შემდეგ, რაც რაბათის დასახლებას სრულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მოსახლეობას და აქ არსებულ ობიექტებს ახალი რეგულაციების შესრულება დაეკისრათ. თუმცა აქ მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ არსებობს გამონაკლისები.

მაგალითად, რაბათის ციხეზე ცოტა ხნის წინ აღიმართა ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო, ჯვარი. რა პერიოდი და ეტაპები დასჭირდა ნებართვის მოპოვებას?  შეკითხვაზე მერიაში არ გვპასუხობენ და არც საჯარო წესით გამოთხოვილ ინფორმაციას გვაწვდიან. საჯარო ინფორმაციას არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გვიგზავნის.

ჩვენმა რედაქციამ ორივე საჯარო უწყებას, IDFI-ს მხარდაჭერით, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. 

მასალა განახლებულია 04 დეკემბერს

“გვქონდა საუბარი, რომ დაცული ტერიტორიის არეალი შეცვლილიყო, თუმცა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა,” – ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი კითხვაზე თუ როგორ ესახება მერიას საკუთარი როლი, რაბათის დასახლებაში სახლების რეაბილიტაციის ნებართვების საკითხთან დაკავშირებით.