კორონავირუსის ზეგავლენა სასტუმროებზე – ახალციხე

May 26, 2020

რა ზეგავლენა მოახდინა კორონავირუსმა სამცხე-ჯავახეთის სასტუმროების საქმიანობაზე და რა გამოწვევების წინაშე დადგნენ ისინი, მას შემდეგ რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბიზნესი გაჩერდა?

მიუხედავად იმისა რომ სასტუმრო “მესხეთი პალასი” დახურულია, მისი მფლობელი, ვალერი კურტანიძე კომუნალურ გადასახადებს ჯერ კიდევ იხდის.  იგი სასტუმროს დახურვის შემდეგ შექმნილ პრობლემებზე გვესაუბრება.


“მესხეთი პალასი”

„შემოსავალი არ არის, გაჩერებულები ვართ, მაგრამ დენის, გაზის და წყლის გადასახადებს ვიხდი. მე ხვალაც შემიძლია საქმის დაწყება თუ სახელმწიფოში შემოვლენ ტურისტები ყველაფერი მზადყოფნაში მაქვს მთავარია გაიხსნას საზღვრები და თუ არავინ შემოვა ჩათვალე რო აგვისტოში საერთოდ კატასტროფა იქნება.“

სასტუმრო “ოლდ თაუნის” მფლობელმა მარიამ ივანიშვილმა არ იცის განაახლებს თუ არა მუშაობას.

“ოლდ თაუნი”

„ნული შემოსავალი. თუ ადამიან არ მუშაობს როგორ იმოქმედებს ფულის გარეშე? წამლის ფულიც არ გვაქვს. არ ვიცი შევძლებ თუ არა საქმის განახლებას. გააჩნია როგორი იქნება მთავრობის რეკომენდაციები და რა სახის რესურსი დაგვჭირდება.“

სასტუმრო „ტერასა რაბათის“ მფლობელი ვახტანგ გელაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საქმის განახლება გაუჭირდებათ, თუმცა როგორც კი სახელმწიფო მისცემს მუშაობის უფლებას სასტუმროს გახსნის.


„ტერასა რაბათი“

„ამ კორონას პანდემიის დროს გავაუქმეთ ყველა ჯავშანი. ცოტათი კი გაგვიჭირდება მაგრამ რა თქმა უნდა, განვაახლებთ მუშაობას. ყველანაირი რეგულაციების დაცვით, რასაც სახელმწიფო შემოგვთავაზებს.”

შექმნილ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე ასევე გვესაუბრება სასტუმრო „ნიუ სთარის“ მეპატრონე გრიგორ კარაგოზიანიც.

“ნიუ სთარი”

„ძალიან ცუდად იმოქმედა კორონამ ჩემს საქმეზე. უფლება რომ გვექნება უნდა დავიწყოთ მუშაობა. მაგრამ ახლა ჩვენ გახსნას აზრი არ აქვს. საზღვრები უნდა გაიხსნას რომ კლიენტი მოვიდეს. ფინანსურად ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნა თან ახლა ჩვენი სეზონი იწყება.”

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სასტუმროები მიმდინარე წლის 21 მარტიდან საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდგომ დაიხურა.

ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო ტურისტული ადგილების შექმნა და შიდა ტურიზმის ამოქმედება 15 ივნისიდან არის დაგეგმილი. ხოლო პირველი ივლისიდან ქვეყანაში უცხოელი ტურისტების შემოსვლა იგეგმება.

როდის შეძლებენ სასტუმროები მუშაობის განახლებას? საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ზუსტი რიცხვი არ იციან და სავარაუდო თარიღად 15 ივნისს ასახელებენ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს სამცხე-ჯავახეთი 508 509 საერთაშორისო ვიზიტორმა მოინახულა. ხოლო რეგიონში 218 სასტუმროა რეგისტრირებული.

ავტორები: სედა სარქისიანი, მიშო დარბაიძე

Leave a Reply