მთავრობა სამცხე-ჯავახეთში „ბორჯომი ჰესის“ აღდგენას გეგმავს

May 26, 2020


მთავრობა ბორჯომში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის „ბორჯომი ჰესის“ აღდგენას გეგმავს – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დღეს ისაუბრა. გეგმის მიხედვით, ჰიდროელექტროსადგური ენერგიის გამომუშავებასთან ერთად, სამუზეუმო სივრცესაც მოიცავს.

როდის დაიწყება ჰესის რესტავრაცია და რამდენი ლარის გამოყოფა იგეგმება ბიუჯეტიდან? ამის თაობაზე ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს დავუკავშირდით. მათი განმარტებით რესტავრაციის დაწყება წლის ბოლოდან იგეგმება, თუმცა რა თანხა დაიხარჯება ამ დროისთვის უცნობია.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს , ჰესი 2014 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა.

“2014 წელს შემოვიდა განცხადება, ამ შენობის დემონტაჟი უნდოდათ. რომ არ დაენგრიათ ჩვენ მივანიჭეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მას შემდეგ მიმდინარეობდა პროექტირების პროცესი, ძალიან ბევრი ექსპერტიზის ჩატარება იყო საჭირო. ახლა უკვე გვაქვს პროექტი და შეგვიძლია რესტავრაციის ჩატარება,”– გვითხრა ნიკოლოზ ანთიძემ.

ბორჯომის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური საქართველოში პირველი ჰესი იყო, რომლის საერთო სიმძლავრე 140 ც.ძ.-ს შეადგენდა. იგი ექსპლუატაციაში 1899 წლის 15 იანვარს შევიდა, ხოლო 1950 წელს ჰესმა ფუნქციონირება შეწყვიტა.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply