“მამლუქი”, “ერეკლე”, “აგავა”, “ქეთელური”, “კამი”- “აგენტურული ქსელი” და ადრესატების პასუხი #სამცხე-ჯავახეთი

September 13, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

“მამლუქი”, “ქეთელური”, “ერეკლე”, “კამი”, “აგავა” – “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ ფსევდონიმებით მოქმედებდნენ “ქართული ოცნების” ამჟამინდელი მერობის კანდიდატები. მედიის ცნობით, გოჩა ქიმაძე, ადიგენის მერობის კანდიდატი “მამლუქის” სახელით მოქმედებდა, “ქეთელაური” როსტომ მაგრაქველიძის ასპინძის მერობის კანდიდატის ფსევდონიმი უნდა ყოფილიყო, ერეკლე – ოთარ არბოლაშვილის, რომელიც ბორჯომის მერობის კანდიდატია მმართველი პარტიიდან. “მთავარი არხის” ცნობით “კამი” მექლონ მაკარიანის, ახალქალაქის მერობის კანდიდატის ფსევდონიმია, ხოლო “აგავა – ანივარდ მოსოიანის ნინოწმინდის მერობის კანდიდატი.

“მთავარი არხის” ცნობით აღნიშნული პირები, წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ და კონტრდაზვერვას აწვდიდნენ, ასევე ხდებოდა თვალთვალი სკოლებში დასაქმებულებსა და ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებზე. მერობის კანდიდატები სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან ჩვენთან საუბარში ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და მტკნარ სიცრუეს უწოდებენ.

“ქეთელაური არა, ვაჟა-ფშაველა” – გვეუბნება ასპინძის მერობის კანდიდატი, როსტომ მაგრაქველიძე: “სიცრუეა, მსგავსი შემთხვევა არც კი ყოფილა, 2005 წელს სად ვიყავი იცის მაგან?”

ნიკა გვარამიას ცნობით, ბორჯომის მერობის კანდიდატი, მმართველი პარტიიდან, ოთარ არბოლაშილი დაზვერვის ქსელის ნაწილი 2009 წელს გახდა.  “გავაერეკლეებ მაგას. გვარამიამაც კარგად იცის, რომ ეს სიცრუეა.”

“მამლუქი ალბათ იმიტომ შემარქვეს, რომ გოჩა მქვია,” – ამბობს, ადიგენის მერობის კანდიდატი, გოჩა ქიმაძე და ინფორმაციას “აშკარა” ტყუილს უწოდებს.

მასალა განახლებადია, ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ ახალქალაქის და ნინოწმინდის მერობის კანდიდატებს, მელქონ მაკარიანს და ანივარდ მოსოიანს და მათ პოზიციასაც შემოგთავაზებთ.