მაღალი რისკის ზონის განაშენიანების გენგეგმა – გოდერძი

August 1, 2024

მაღალი რისკის ზონაშიც კი შესაძლოა განაშენიანების გეგმა შექმნა და დაამტკიცო, თუ ადგილობრივ მოსახლეობას ბევრს არ ჰკითხავ, სამოქალაქო ორგანიზაციებს და ექსპერტებს ყურს ნაკლებად ათხოვებ და ოფიციალურ დასკვნებსაც – რისკის ზონების გაფრთხილების შესახებ არ გაითვალისწინებ.

ხულოს საკრებულომ 26 ივლისს გოდერძის უღელტეხილის არეალის გენერალური გეგმისა და ამ არეალში მოქცეული სამი ერთეული ტერიტორიის – კურორტ ბეშუმის, შქერნალის უბნისა და გოდერძის უღელტეხილის განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფცია დაამტკიცა.

  • მანამდე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლამის ერთმანეთის პარალელურად გამოაქვეყნა ორი დოკუმენტი – ერთით თქვა, რომ მაღალი რისკის ზონებში განაშენიანება საფრთხილოა, მეორე დოკუმენტით კი ამგვარი განაშენიანება თავად დაამტკიცა – გოდერძიზე ე.წ. სგშ-ს ბრძანების გამოქვეყნებით.
  • აქ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ რუკას ხედავთ, ხულოს მუნიციპალიტეტის სარისკო ზონების შესახებ, აქაა მონიშნული მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა , მათ შორის ხულოს საკრებულოზე დამტკიცებული გენგეგმის ზონაშიც.
  • რისკის ზონების რუკასთან ერთად, გარემოს ეროვნული სააგენტო საუბრობს, რომ გოდერძიზე ,,გააქტიურებულია მეწყრულ – ღვარცოფული პროცესები.
  • მორფოლოგიური თვალსაზრისით ტერიტორია ეროზიულ – დენუდაციურია.
  • მიმდებარე ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურებას ხელს უწყობს ტერიტორიის ამგები ქანების დაბალი ფიზიკურ მექანიკური თვისებები.“

გარემოს ეროვნული სააგენტოს ეს დასკვნები საკრებულოს სხდომამდე ერთი თვით ადრე გამოქვეყნდა. უფრო ადრე საკრებულომ სამოქალაქო ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა , რომლებიც ,,გოდერძის მეგობრების“ საინიციატივო გაერთიანებაში არიან, ერთობლივად მიმართეს საკრებულოს, სადაც სთხოვდნენ გენერალური გეგმა არ დამტკიცებულიყო, რამდენიმე კრიტიკული საკითხის გათვალისწინების გარეშე.


  • ,,დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა აუცილებელია ჩატარდეს გენ-გეგმის/სგშ-ს დამტკიცებამდე, რადგან უშუალოდ ფერდობზე აღინიშნება მცირე-ლოკალური ჩამოქცევები (მეწყრები) და აქტიური ეროზიული პროცესები. დოკუმენტის მიხედვით ფერდობზე დაგეგმილია განაშენიანება, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მოხდება გრუნტის მასების ჩამოჭრა, გაიზრდება დატვირთვა და შესაძლოა მოხდეს ფერდობის დესტაბილიზაცია. ფერდობი მიდრეკილია მეწყრული პროცესების განვითარებისაკენ და საფრთხე მაღალია”. – ეწერა მიმართვაში.

  • მაგრამ ხულოს საკრებულომ არც ,,გოდერძის მეგობრების და არც ადგილობრივების მიმართვები არ გაითვალისწინა.

განხილვა რომელიც მუნიციპალიტეტში გაიმართა სამოქალაქო აქტივისტის ჯემალ საგინაძის თქმით საკმარისი არაა, განხილვის პროცესში და საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებისას, ადგილობრივი მოსახლეობის ხმა დაკარგულია და პროცესები მათი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს.

არის თუ არა გათვალისწინებული რისკები, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და ხდება თუ არა მათი სათანადოდ ინფორმირება საკითხის საჯარო განხილვის თაობაზე, ჩვენ ამ კითხვით ხულოს მერის მოადგილეს ნადიმ ვასაძეს დავუკავშირდით ვასაძის თქმით ის 26 ივლისს გამართულ სხდომას არ ესწრებოდა და კითხვების წერილობითი ფორმით გაგზავნა გვირჩია.

აქვე გამჭვირვალობაზეც, უფრო ზუსტად გაუმჭვირვალობაზე, ჩვენ დავუკავშირდით ხულოს საკრებულოს, აჭარის მთავრობას. ყველგან წერილობითი მიმართვა მოგვთხოვეს, რომლებზე პასუხს ჯერაც ველით.

,გოდერძის მეგობრებად“ გაერთიანებული სამოქალაქო ორგანიზაციების ხულოს საკრებულოს და გარემოს დაცვის სამინისტროს, გენერალური გეგმის კონტექსტში, გეოლოგიურ პრობლემებთან ერთად მიუთითებდნენ – წყლის რესურსების საკითხზე, საკურორტო არეალში მოქცეული ტყეების მართვისა და გოდერძის ალპური ბაღის გაფართოების ბუნდოვანებაზე, ურბანული და არქიტექტურული საკითხების გაურკვევლობაზე .

გენერალური გეგმა ამ საკითხების გათვალისწინების გარეშე დამტკიცდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებითვე, მხოლოდ გასულ წელს სტიქიის გამო 1400-მდე ოჯახს მოუწია გადასახლება, დაიღუპა 40-მდე ადამიანი.

მასალა მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით განახლდება.

Tags: ,