“ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციაზე,” – აღნიშნული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათზე განაცხადა.
რა ვითარებაა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით უწყებაში? – საკუთარი პრაქტიკიდან და ჟურნალისტების შეფასებიდან გამომდინარე, ახვლედიანის ვიზიტების შესახებ ინფორმაცია პოსტ-ფაქტუმ ვრცელდება. ასევე, არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა მინისტრთან ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა, რაც როგორც აღმოჩნდა არაერთი მედიისთვისაა მიუწვდომელი.
რა იგულისხმა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ? – უწყებაში გვიხთრეს, რომ ინფორმაციას მოგავწოდებენ. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ამავე თემაზე:
რაც შეეხება შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელს.
როგორც IDFI-ს 2023 წლის კვლევაში ვკითხულობთ, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მხრივ, უწყების მაჩვენებელი 30 %-ია და რეიტინგით 77-ე ადგილზეა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ 2021-2022 წლების ფინასური ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ხელმიუწვდომელია.
ამავე კვლევის მიხედვით, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება 2020 წელთან შედარებით, 8%-ით შემცირდა.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემას, როგორც IDFI-ს 2022 წლის კვლევაში ვკითხულობთ, 2021 წელს, სამინისტროში 30 საჯარო ინფორმაცია გაგზავნეს, საიდანაც სრულყოფილი ინფორმაცია მხოლოდ 13-ზე მიიღეს, არასრულყოფილი – 10-ზე, ხოლო უპასუხოდ 7 საკითხი დატოვეს.