ახალციხეში, მეორე შახტას დასახლებაში უკვე ათობით წელია სახლები ავარიულ მდგომარეობაშია
იქ მცხოვრებლები ან კორპუსის გამაგრებას, ან ალტერნატული ფართის გამოყოფას ითხოვენ
რა პოზიცია აქვთ საკითხზე სახელმწიფო უწყებებს
ნახეთ სიუჟეტი
ზაზა მერაბიშვილი ახალციხეში, დასახლებაში სახელად “მეორე შახტა” ავარიულ კორპუსში, მეუღლესთან და სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. როგორც კადრში ხედავთ, შენობის კედლები დაზიანებულია, ხის საყრდენი კონსტრუქციები დამპალი, კედლები – დაბზარული. ზაზა გვეუბნება, რომ 48 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა 6 წლის წინ შეიძინა, შენობა მაშინაც დაზიანებული იყო თუმცა უსახსრობის გამო სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.
კორპუსში დღეისათვის 5 ოჯახი ცხოვრობს. გვეუბნებიან, რომ შენობის სახურავი დაახლოებით 5 წლის წინ შეცვალეს, თუმცა ეს სულაც არ უშლის წვიმას ხელს, შენობაში ფანჯრებიდან და კედლების ბზარებიდან შეაღწიოს.
ახალციხის მერი გვეუბნება, რომ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა შენობების მდგომარეობიდან გამომდინარე სრული რეაბილიტაცია ვერ მოხერხდება.
ე.წ. “მეორე შახტის” დასახლებაში მსგავსი კორპუსი კიდევ რამდენიმეა, თუმცა ავარიულობასთან ერთად, აქ მცხოვრებთა თქმით, არ აქვთ გაზი, საკანალიზაციო სისტემა, სასმელი წყალი კი მხოლოდ ეზოებშია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვეუბნებიან, რომ ქალაქ ვალეს წყალმომარაგების პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებულია მეორე შახტაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაც. კომპანიაში გვეუბნებიან, რომ პროცესი 2024 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია.
მეორე შახტის დასახლებაში 25 აგვისტოს იმყოფებოდა სახალხო დამცველი. მაშინ ლევან იოსელიანი ამბობდა, რომ ამ ადამიანთა საცხოვრებელი პირობები „ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს”. ამ შეფასებიდან ორი თვე გავიდა. რა რეაგირება მოჰყვა მას? კითხვაზე დღეს ომბუდსმენი გვპასუხობს, რომ მათ უკვე მიმართეს მუნიციპალურ ორგანოებს, საიდანაც პასუხად მიიღეს, რომ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია შესაბამისი რესურსი იმისათვის, რომ კორპუსში მცხოვრებლები ალტერნატიული ფართით უზრუნველყონ. მისივე თქმით, გეგმავენ ადვოკატირება ცენტრალურ ხელისუფლებასთან განაგრძონ.
“მეორე შახტში” მცხოვრებთა პრობლემების თაობაზე ჩვენი რედაქცია სამცხის მაჟორიტარ დეპუტატს, ანტონ ობოლაშვილს გუშინ დაუკავშირდა. თავის მხრივ ობოლაშვილმა ამ თემაზე შეკითხვები ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს დღეს დაუსვა. ობოლაშვილმა მინისტრს საკითხის შესასწავლად სამუშაო ჯგუფი გამოყოფა შესთავზა.
თუმცა, მინისტრმა დეპუტატის შეკითხვა მეორე შახტის შენობების ავარიულობის შესახებ უპასუხოდ დატოვა.
მეორე შახტში დასახლებაში დანგრევის პირას არსებული კორპუსები უკვე ათობით წელია ამ მდგომარეობაშია. საკითხი არაერთგზის გამხდარა პოლიტიკური პარტიების მხრიდან წინასაარჩევნო დაპირების სამიზნე. მათ შორის, ადგილობრივი მედიის ცნობით, 2013 წელსაც “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებებს შორის აღნიშნული პრობლემის მოგვარებაც იყო დასახელებული. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, თუმცა პარტიებს და უწყებებს შორის ნაპრალებში ამ შენობების ბზარები კვლავაც შეუმჩნეველი რჩება .