ინფრასტრუქტურის მინისტრის დუმილი მეორე შახტაში, ავარიული კორპუსების შესახებ

November 3, 2023

“მეორე შახტაში, არსებული საკითხის შესასწავლად გთხოვთ გამოყოთ სამუშაო ჯგუფი,” – აღნიშნული, სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრს, გიორგი ქარსელაძეს შესთავაზა, თუმცა მინისტრმა დეპუტატის შეთავაზება უპასუხოდ დატოვა.

რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით ანტონ ობოლაშვილს და აპირებს თუ არა მეორე შახტის სახლების შესახებ კვლავ დასვას პარლამენტში? – ობოლაშვილი გვეუბნება, რომ მან მოგვიანებით მინისტრთან დააზუსტა საკითხი. მისი თქმით: “უნდა მოხდეს დაინიცირება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომელსაც შემდეგ ეკონომიკურ საბჭოზე განიხილავენ”

“ვფიქრობ, რომ ეს სახლები რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება, საჭიროა იმ სახლების ნაცვლად, იგივე ან სხვა ადგილზე ახლის აშენება,” – გვითხრა დეპუტატმა.

ახალციხეში, ე.წ მეორე შახტას დასახლებაში მცხოვრებლები უკვე ათობით წელია დაზიანებული და ავარიული სახლების რეაბილიტაციას ან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ.

მიუხედავად იმისა, რომ სახლების რეაბილიტაციის დაპირება არაერთგზის გაიცა, შენობები ამ დრომდე ავარიულ მდგომარეობაშია.

რა მდგომარეობაში და პირობებში უწევთ ცხოვრება მეორე შახტაში, ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული რეპორტაჟი: მეორე შახტა – დაპირებებით გამაგრებული დასახლება