“მეწყერის შემდეგ” – რა ვითარებაა ადიგენის სოფელ უდეში მას შემდეგ, რაც მეწყერი გააქტიურდა
ადიგენის სოფელ უდეში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ სამი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ტერიტორიიდან ერთ-ერთი ოჯახი უკვე გაიყვანეს უსაფრთხო ტერიტორიაზე.
ჯამში მეწყრულ ზონაში 19 სახლია მოყოლილი. ადგილზე იმყოფებიან სპეციალისტები და ტერიტორიას სწავლობენ
ნახეთ სიუჟეტი
ლალი ყულიჯანიშვილი ადიგენის სოფელ უდეში ათობით წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა მას შემდეგ რაც სოფელში ჩამოწოლილმა მეწყერმა მისი სახლი და საკარმიდამო გაანადგურა, დროებით თავის შეფარება ნათესავთან მოუხდა.
ლალი ყულიჯანიშვილი გვეუბნება, რომ სახლზე პირველი ნაპრალები ზაფხულში შეამჩნია, თუმცა მასში ცხოვრებას თვეების განმავლობაში განაგრძობდა.
სახლი არა, მაგრამ სახლის წინ მიწა ჩამოიშალა თათოშვილების ეზოში. აღნიშნული ოჯახიც უდეში ცხოვრობს. სუსანა თათოშვილი გვეუბნება, რომ ტერიტორია, რომელსაც ახლა კადრებში ხედავთ, მეწყრამდე სწორი იყო. მისივე თქმით, ნაპრალები ყოველდღიურად იზრდება.
ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, ამ ეტაპზე სპეციალისტების შეფასებით საჭიროა სამმა ოჯახმა ტერიტორია დატოვოს, მათგან ერთი თანახმაა, ორი – არა. ქიმაძის ინფორმაციით, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას მერია ალტერნატიულ ფართს დაუქირავებს.
მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის თქმით, ამ დროისთვის მეწყრულ ზონაში გეოლოგები მუშაობენ და მათი დასკვნის შემდეგ გეგმავენ მიმართონ ცენტრალურ ხელისუფლებას, დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. გეოლოგები ჩვენ ადგილზე მუშოაბისასაც დაგხვდნენ, თუმცა მათ ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.
მეწყერი უდეში რამდენიმე დღის წინ გააქტიურდა, შედეგად დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ცენტრალური საავტომობილო გზა.
რა გეოლოგიური და ეკოლოგიური კვლევები არსებობს ადიგენის აღნიშნულ ზონასთან დაკავშირებით, რამდენად სახიფათოა ტერიტორია სხვა მცხოვრებელისთვის და რა რეკომენდაციები აქვთ გარემოს ეროვნულ სააგენტოში? კითხვებით ჩვენ უკვე სააგენტოს მივმართეთ, ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.