მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრისთვის, ფარეხასთან 10 000 კვ.მ ტერიტორია 3 წლით ახალციხის მერიამ სეს-ს უსასყიდლოდ გადასცა

June 1, 2026

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში დაგეგმილი ინტერმუნიციპალური მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრისთვის ახალციხის მერიამ 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ 3 წლის ვადით გადასცა,- ამის შესახებ ინფორმაცია მერიამ ჩვენს მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად გვაცნობა.

წერილის მიხედვით, ტერიტორია სააგენტოს უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაეცა.

ასევე, ჩვენ გვაინტერესებდა, მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარი, ბიუჯეტი და თავშესაფრის ტევადობა თუმცა, მუნიციპალიტეტს ეს ინფორმაცია არ მოუწოდებია და “პროექტის განმახორციელებელთან” გადაგვამისამართა.

სეს-იდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.

სხვილისში ინტერმუნიციპალური მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მოწყობის შესახებ ინფორმაცია 19 მაისს გახდა ცნობილი. საკითხი ახალციხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს, სადაც დეპუტატებმა „სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემას მხარი დაუჭირეს.

ჩვენი რედაქცია რეგიონში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის საჭიროებებზე წლებია მუშაობს. 2018 წელს ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობაც დაანონსდა, თუმცა არაერთი დაპირების მიუხედავად პროექტი არ განხორციელებულა.