მულტირელიგიური კულტ. მემკვიდრეობის ძეგლი ჩამონგრეული სახურავით

September 14, 2022

უკვე წელიწადნახევარზე მეტია ახალციხის სოფელ ივლიტაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეკლესია დაზიანებულია. ხოლო მას შემდეგ რაც ძეგლს სახურავი ჩამოეშალა, უკვე 4 თვე გავიდა. ამ დრომდე უცნობია აპირებს თუ არა ძეგლის რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რადგან 12 აგვისტოს ჩვენ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ერთი თვის შემდეგაც კი არ გვაქვს.

ივლიტაში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია 18-19 საუკუნით თარიღდება. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეკლესია, საქართველოს საპატრიარქოს მფლობელობაში 2012 წლიდან არის. 2011 წლამდე, აქ,  როგორც მართლმადიდებელი, ისე კათოლიკე მრევლი ლოცულობდა.  დღესდღეობით ტაძარში მხოლოდ მართლმადიდებლური წირვა–ლოცვა სრულდება. ტაძრის ერთ–ერთ კუთხეში ამ დრომდე შეხვდებით კათოლიკური წესით შესრულებულ ხატებს.

ეკლესიის წინამძღვრის იოანე გელაშვილის თქმით, სახურავის დაზიანება უხვმა ნალექმა გამოიწვია, რადგან ის მიწით არის დაფარული, წყლით დამძიმებამ ნგრევა გამოიწვია. ის ვარაუდობს, რომ გაზაფხულამდე შესაძლოა სახურავი სრულად დაიშალოს. 

მართლმადიდებელი მოძღვარი გვეუბნება, რომ მან კულტურის სამინისტროს ტაძრის დროებით გადახურვა სთხოვა, წირვა რომ არ შეჩერებულიყო, თუმცა უწყებისგან უარი მიიღო. ალტერნატივად კი, ტაძრის ეზოში არსებული სახლის ორი ოთახი სამლოცველოდ გადააკეთა. 

ივლიტაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, საპროექტო დოკუმენტის მომზადებისთვის, ტენდერი 65 000 ლარზე, 2021 წლის 19 ოქტომბერს გამოცხადდა, რომელშიც კომპანია „LMC“–მ გაიმარჯვა. მასთან ხელშეკრულება 54 490 ლარზე გაფორმდა. კომპანია ვალდებული იყო საჭირო სამუშოები ხელშეკრულების დადებიდან 120 დღის ვადაში დაესრულებინა.

ივლიტაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, საპროექტო დოკუმენტის მომზადებისთვის, ტენდერი 65 000 ლარზე, 2021 წლის 19 ოქტომბერს გამოცხადდა, რომელშიც კომპანია „LMC“–მ გაიმარჯვა. მასთან ხელშეკრულება 54 490 ლარზე გაფორმდა. კომპანია ვალდებული იყო საჭირო სამუშოები ხელშეკრულების დადებიდან 120 დღის ვადაში დაესრულებინა.

მომზადდა თუ არა საპროექტო დოკუმენტი და როდისთვის იგეგმება რეაბილიტაცია? სააგენტოდან და კომპანიისგან ამის შესახებ ინფორმაცია ვერ მივიღეთ, თუმცა როგორც ტაძრის წინამძღვარმა გვითხრა, დოკუმენტი რამდენჯერმე დახარვეზდდა. 

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ კულტურის სამინისტროშიც დავრეკეთ, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

სახურავჩამონგრეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის თაობაზე ინფორმაცია საჯარო წესით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 12 აგვისტოს გამოვითხოვეთ. უწყებამ არც ინფორმაცია მოგვაწოდა და არც ჩვენ სატელეფონო ზარებს პასუხობს. ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტში განმარტავენ, რომ საჯარო ინფორმაციის უპასუხოდ დატოვება უკანონო ქმედებაა, რადგან აღნიშნულს უწყებებს კანონი ავალდებულებს.   ორგანიზაციის წარმომადგენელი ნიკა ბოლქვაძე გვეუბნება, რომ ჩვენი რედაქციის მსგავსად საჯარო ინფორმაციის მიწოდება ხშირი პრობლემაა, ამ მიზეზით მათ მხოლოდ აგვისტოში 13 საჩივარი დაწერეს. 

სოფელ ივლიტაში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ათწლეულების განმვალობაში ტოლერანტობის და მულტირელიგიური თანამშრომლობის მაგალითი იყო. ტაძარი მასპინძლობდა როგორც მართლმადიდებელ ისე კათოლიკე ქრისტიანებს. დღეს სახურავჩამონგრეული ტაძარი ორივე მიმდინარეობისთვის დახურულია.

როდის და რა სახსრებით აღდგება ივლიტას დაზიანებული ტაძარი