ნამდვილად ამოაჭრეს თუ არა ახალციხეში მცხოვრებს მარჯვენა ფალოპის მილი ? შემთხვევიდან ექვსი წლის შემდეგ, საკითხს რეგულირების სააგენტო შეისწავლის. სააგენტოს წარმომადგენლებმა კლინიკა “იმედში” მოკვლევა უკვე დაიწყეს, – ინფორმაციას რეგულირების სააგენტოში გვიდასტურებენ.
საუბარია ახალციხელი ფიქრია ბარბაქაძის საქმეზე, რომელიც ირწმუნება, რომ 2016 წელს კლინიკა “იმედში” ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ორგანო რომელიც ამოაჭრეს, მისივე მტკიცებით კვლავ აქვს. ამის შესახებ კი რამდენიმე წლის შემდეგ გაიგო და კლინიკის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.
ის, რომ პაციენტის ისტორიაში ნამდვილად არის 2016 წლით დათარიღებული ოპერაცია ადასტურებს კლინიკა “იმედის” დირექტორი, გიორგი ბარძიმაძეც. მისივე თქმით, “ყველას აქვს უფლება კითხვები გაუჩნდეს და შესაბამის ორგანოს მიმართოს. სიმართლეს რეგულირების სააგენტო გაარკვევს.”
ფიქრია ბარბაქაძე ჩვენთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მანამ მან სხვა მედიებთან ზემოთ აღწერილი პროცესი არაერთგზის მოჰყვა. რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება? შსს-ში გვითხრეს რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.
კლინიკა იმედში რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლების შესვლის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა.