ნაც. მოძრაობა და ქ. ოცნება – დეპოლარიზაციის თავისებურებები სოფელ ვალეში შეხვედრისას

June 29, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ 3 ივლისისთვის დაანონსებულ აქციამდე მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონებშიც მიმდინარეობს, მათ შორის სამცხე-ჯავახეთშიც. მაგალითად, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში გუშინ გამოჩნდა ევროკავშირის სიმბოლიკით ბუკლეტები, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი წარმომადგენლები არიგებდნენ.

პროცესს თან ახლდა შეხვედრა მოსახლეობასთან და მათ შორის ქალაქ ვალეში გამოჩნდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დავით ტაბატაძე და საბა კბილაშვილი. მათ შორის შელაპარაკების ამსახველი ვიდეო ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა. 

როგორც ენმ-ს წარმომადგენელი, დავით ახალკაცი გვეუბნება, ბუკლეტზე პოლიტიკური არაფერი ეწერა, არის მხოლოდ მოწოდებები ევროკავშირისკენ. ახალკაცი გვეუბნება, რომ ვალეში, როდესაც ბუკლეტებს არიგებდნენ, გამოჩნდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, კბილაშვილი და ტაბატაძე თანაგუნდელებთან ერთად და თავი ადგილობრივებად წარადგინეს.

“მოსახლეობასთან პირველი კამათი სწორედ მათ მოუხდათ. სადაც დავდიოდით ყველგან დაგვყვებოდნენ, ასევე იყო მობილიზებული სუს-ი,” – გვეუბნება ახალკაცი.

ჩვენ ორი დღეა ვცდილობთ დავუკავშირდეთ დავით ტაბატაძეს და საბა კბილაშვილს, თუმცა გუშინ კბილაშვილის ტელეფონზე სხვამ გვიპასუხა და გვითხრა, რომ დეპუტატს “ტელეფონი დარჩა”, ხოლო დღეს მის ნომერზე აღარავინ გვპასუხობს. ვერ ვუკავშირდებით დავით ტაბატაძესაც, მას ტელეფონი გამორთული აქვს.   ​

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ჩართულობას მოძრაობა “სირცხვილიას” აქციამდე მოსახლეობასთან შეხვედრებში, შოთა დიღმელაშვილი გვეუბნება, რომ მოძრაობის ინიციატივას არაერთი პარტია შეუერთდა და თვითინიცირებითაც მართავენ შეხვედრებს.